ქართული სახელმწიფო სამართლის ერთი დებულება და „ვეფხისტყაოსანი“
როდესაც ვლაპარაკობთ „ვეფხისტყაოსანში“ ქართული ყოფიერების ასახვაზე, ცხადია, აქ იგულისხმება, რომ პოემაში ასახულია ქართული სამართალიც, როგორც ქართული ყოფიერების განუყოფელი ნაწილი. პოემის სრულყოფილი შემეცნებისათვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია მისი ცოდნაც. ძველი ქართული სამართალი არ ამოიწურება მხოლოდ ჩვენამდე მოღწეული სამართლებრივი დოკუმენტებით. სამართლის ზოგიერთი დებულების დადგენა შესაძლებელია სხვადასხვა სახის ისტორიული წყაროების მიხედვითაც. ეს კარგად ჩანს ივ. ჯავახიშვილის ნაშრომში „ქართული სამართლის ისტორია“. მაგრამ სამართლის დებულებათა ასეთი წესით დადგენა ზოგჯერ მეტად გაძნელებულია წყაროების სიმცირის ან ბუნდოვანების გამო, და ისიც შეიძლება მოხდეს, რომ ზოგიერთი ისეთი ისტორიული მოვლენა მივიჩნიოთ სამართლის გამოვლინებად, რომელიც სინამდვილეში სულ სხვა რამის შედეგი იყო. სწორედ ასეთი შესაძლებელი ცდომილებანი უნდა მივიღოთ მხედველობაში, როდესაც სამართლის ამ დებულებებს ვიყენებთ „ვეფხისტყაოსნის“ ზოგიერთი სადავო საკითხის გარკვევისათვის. ქართული სამართლის ამა თუ იმ დებულების პოემაში არაზუსტი ს...