უნდა შევეგუოთ ისეთს, როგორიც არის? (ღია წერილი ბ-ნ ნოდარ წულეისკირს) (1990 წ)
ეს ღია წერილი 1990 წლის აგვისტოშია დაწერილი, წლინახევრით ადრე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობამდე. წერილში ის მძიმე ვითარებაა აღწერილი, რაც კარგად გამოიყენა ჩვენმა ყოველი ჯურის მტერმა და იმ სამწუხარო მოვლენამდე მიგვიყვანა , რამაც დიდწილად განსაზღვრა საქართველოს შემდეგდროინდელი ბედი.
სამწუხაროდ, ამ წერილის გამოქვეყნება ბევრმა იმ დროს
არ მიიჩნია მიზანშეწონილად... დღეს, რასაკვირველია, დაგვიანებულია, მაგრამ ისტორიისათვის მაინც გამოდგება.
ბ-ნო ნოდარ!
გაზეთ "მამულში" (№13 (21), ივლისი, !990) წავიკითხე თქვენი წერილი "ლიტერატურული მონანიება", რომლის ერთ ქვეთავში - "ავთანდილობა" - წერთ: "სიბრმავემდე მისული ერთგულება ("სიბრმავე", რა თქმა უნდა, კარგი გაგებით!) - აი, ეს არის ავთანდილობა."
ვერა, ბ-ნო ნოდარ, ვერ დაგეთანხმებით! ავთანდილი არ არის "სიბრმავემდე მისული ერთგული". მის ერთგულებას საფუძვლად უდევს არა სიბრმავე (თუნდაც კარგი გაგებით), არამედ საღი თვალით დანახული რეალობა, სიმართლე და ჭეშმარიტება. სხვაგვარად ავთანდილის აღქმა შეურაცხყოფაა დიდი რუსთველის სახელისა, მისი უზენაესი შემოქმედებისა!
თქვენი ამ განცხადების შემდეგ აღარ გამკვირვებია, როდესაც ბ-ნ ზვიად გამსახურდიას შესახებ გვიქადაგებთ: "უნდა შევეგუოთ ისეთს, როგორიც არის."
მართალია, ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით სიბრმავეს, "სიბრმავემდე მისულ ერთგულებას" კი გვირჩევთ, მაგრამ რა ვქნათ, - არა გვაქვს იმდენი "ავთანდილობა", სიმართლეზე თვალები დავხუჭოთ. ამიტომ პირდაპირ იმით ვიწყებთ, რომ ბ-ნი ზვიად გამსახურდია წარმოვადგინოთ "ისეთი, როგორიც არის". სწორედ ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ იმის შესახებ, რამდენად გამართლებულია ასეთი შეგუება ეროვნული მოძრაობის წარმატების თვალსაზრისით, ადამიანთაშორისი, პარტიათაშორისი, ეროვნებათაშორისი თუ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის თვალსაზრისით, ელემენტარული ადამიანური ზნეობის თუ უღრმესი ფილოსოფიური აზროვნების თვალსაზრისით...
ფაქტია, რომ დღეს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ზვიად გამსახურდიას სახელის ირგვლივ ორი მკვეთრად დაპირისპირებული აზრი არსებობს. ნიშანდობლივია, რომ ორივე მხარეზე ისეთი ადამიანები დგანან, რომელთა გულწრფელ პატრიოტობაში ეჭვს ვერ შეიტანს საღად მოაზროვნე ადამიანი.
ამ ვითარების მიზეზი რომ გავაცნობიეროთ, აუცილებელია იმის გაანალიზება, როგორ აღიქვამს ამ პიროვნებას ესა თუ ის მხარე.
დღეს მოსახლეობის ერთი ნაწილი (ზ.გამსახურდიას მომხრე მხარე) გულწრფელად დარწმუნებულია, რომ ზვიად გამსახურდიამ დაიწყო ეროვნული მოძრაობა საქართველოში, რომ ზვიად გამსახურდიას განსაკუთრებით მკაცრად სდევნიდნენ, განსაკუთრებით სასტიკ რეპრესიებს მიმართავდნენ მის მიმართ, ყველაზე მძიმე სასჯელს ადებდნენ, ყველაზე მეტად ავიწროებდნენ და ა.შ.
ცხადია, ხალხის ხსენებულ ნაწილში ამ აზრის დამკვიდრება უსაფუძვლოდ არ მომხდარა. ამას გარკვეულმა ობიექტურმა და სუბიექტურმა ფაქტორებმა შეუწყვეს ხელი.
წინასწარ უნდა აღვნიშნოთ შემდეგი:
რა თქმა უნდა, დიდი უმადურობა იქნება, რომ დავივიწყოთ და დავაკნინოთ ზვიად გამსახურდიას დამსახურება ეროვნულ მოძრაობაში, მაგრამ ასევე დიდი დანაშაული იქნება, ხელოვნურად გავზარდოთ და გავბეროთ მისი დამსახურება, მისგან ცრუგმირი შევქმნათ და ამის საფუძველზე იგი ხელოვნურად ვაქციოთ დიდ პოლიტიკურ ფიგურად. დანაშალი იქნება იმიტომ, რომ სწორედ ასეთი დამოკიდებულება ქმნის ცრუბელადის, დიქტატორის წარმოშობის საფრთხეს, მით უფრო, რომ ამ პიროვნებას ხასიათში აქვს დიქტატორული მისწრაფებანი, და ამ თვისებებს მაშინაც უხვად ავლენს, სანამ დიქტატორი გახდება (რაღა იქნება შემდეგ!).
ბარემ აქვე მოვიყვან ზვიად გამსახურდიას დამსახურების ხელოვნური გაბერვის ტიპიურ ნიმუშს.
როგორც ცნობილია, ზვიად გამსახურდიამ პატიმრობასა და გადასახლებაში გაატარა სულ (დაჯამებულად) წელიწადნახევარი. გაზეთი "ახალგაზრდა ივერიელი" კი, რომელმაც დაბადების 51 (ორმოცდათერთმეტი!!!) წელი მიულოცა მას, წერდა: "დღეს ზ.გამსახურდიას 51 წელი შეუსრულდა, კაცს, რომელსაც ცხოვრების ნახევარზე მეტი პატიმრობასა და გადასახლებაში აქვს გატარებული." (31.03.90 წ). საინტერესოა, რომ გაზეთის ეს განცხადება ემყარება ზ. გამსახურდიას ნათქვამს თავის თავზე! (იხ. გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტი", 14.09.89 წ).
საქმესი ჩაუხედავ ხალხს ეს ყველაფერი სჯერა!
ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია.
ბ-ნო ნოდარ, თქვენთვის ცნობილია ათობით პიროვნება, რომლებიც ეროვნული თავისუფლებისათვის ზვიად გამსახურდიამდეც იბრძოდნენ, ზვიად გამსახურდიას დროსაც და მაშინაც, როცა მონანიების შემდეგ ზ.გამსახურდია საერთოდ ჩუმად იყო (და მარტო კათალიკოს-პატრიარქზე წერდა სამარცხვინო წერილებს!). ისინი, უმეტესობა, ზ.გამსახურდიაზე მეტადაც იყვნენ დასჯილნი, მეტი წლებიც გაატარეს ციხეებსა და გადასახლებებში, მეტადაც ავიწროებდნენ და სდევნიდნენ მათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათზე მეტი, გაცილებით მეტი სახელი აქვს ზვიად გამსახურდიას. ის კი არა და, ბევრი მათგანის სახელი საერთოდ არ იცის ხალხმა!!!
რა არის ამ პარადოქსული მდგომარეობის მიზეზი?
მიზეზი ადვილი ასახსნელია, მაგრამ "სიბრმავემდე მისული ერთგულება" ბევრს უშლის ხელს მის გაცნობიერებაში.
●
როგორც ყველასათვის ცნობილია, ზვიად გამსახურდია ცნობილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას შვილია. ამ მნიშვნელოვან, ობიექტურ გარემოებას დაემატა სუბიექტური ფაქტორიც - მისი პიროვნული ხასიათი, საკმაო ნიჭიერებასთან ერთად საკმაოზე მეტი ქედმაღლობა და ამპარტავნება, რაც, თავის მხრივ, გააძლიერა ოჯახურმა გარემომაც.
ასეა თუ ისე, ზვიად გამსახურდია თავიდანვე ყურადღების ცენტრში მოექცა.
ისიც ფაქტია, რომ ოჯახურმა გარემოცვამ ზვიად გამსახურდია თავიდანვე პატრიოტად განაწყო. ამ თვალსაზრისით მის მიერ ჩადენილი ყოველი საქციელი, თუნდაც სულ უმნიშვნელო, უმალ გახმაურებას იწვევდა. ახალგაზრდობის წლებში კიდევ უფრო ჩამოყალიბდა მისი "სიზვიადე" და ის უკვე თავადაც უწყობდა ხელს ამ გახმაურებასა და აჟიოტაჟს. ეს მოვლენა მისი ცხოვრების წესად იქცა. (სხვათა შორის, ასეთი რამ, ფაქტობრივად, სრულიად უცხო იყო და დღესაც უცხოა იმ მრავალრიცხოვანი ყოფილი პოლიტპატიმრებისათვის, რომლებზეც ზემოთ იყო ლაპარაკი).
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი პიროვნების ფორმირებაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა დაუსჯელობის იმედმაც, რასაც განაპირობებდა მისი მამის ავტორიტეტი.
ბ-ნო ნოდარ, აღარ მიმაჩნია საჭიროდ ზვიად გამსახურდიას გარკველ დამსახურებაზე ლაპარაკი - ეს ძალიან გაბერილ-გაზვიადებული სახითაც ცნობილია ყველასათვის.
თქვენ, შესაძლოა, შემოგვედავოთ და გვითხრათ, რომ ზ.გამსახურდიას სახელი, გინდაც ის ხელოვნურად იყოს გაბერილი, საჭიროა იმისათვის, რომ ხალხი უფრო მეტად შეიკრიბოს მის ირგვლივ ეროვნული მოძრაობის სასიკეთოდო.
გიპასუხებთ: ჯერ ერთი, ყალბ სახელს რანაირი სიკეთის მოტანაც შეუძლია, ამის თვალსაჩინო მაგალითია საბჭოეთის 70-წლიანი ისტორია; მეორეც, საკითხავია, მოაქვს კი რაიმე სარგებლობა დღეს ეროვნული მოძრაობისათვის ზვიად გამსახურდიას ხელოვნურად გაზრდილ-გაბუქულ სახელს? არა, არ მოაქვს. პირიქით. პირველ რიგში იმიტომ, რომ ასეთი სახელის მქონე ადამიანის პირით ნათქვამ ყოველგვარ სიცრუესა და ცილისწამებას უკრიტიკოდ იჯერებს საქმეში ჩაუხედავი ხალხი! ამას კი ხშირად ძალზე დსამწუხარო შედეგი მოსდევს!... (მაგრამ ამაზე ქვემოთ).
ბ-ნო ნოდარ, გავითვალისწინებთ ზ.გამსახურდიასადმი თქვენს დიდ პატივისცემას და "ავთანდილურ" ერთგულებას და თქვენის ხათრით თვალებს დავხუჭავთ მისი დამსახურების უსაზღვრო გაბერვა-გაზვიადებაზე, ზღვარდაუდებელ რეკლამასა და თვითრეკლამაზე, და ყველაფერს, რასაც მის შესახებ წერთ, ხალას ჭეშმარიტებად მივიჩნევთ, მაგრამ, გვაპატიეთ და, ვერაფრით ვერ დავხუჭავთ თვალს მის ისეთ ქმედებებზე, ეროვნულ მოძრაობაში საშინელი განხეთქილებისა და ქაოსის მიზეზი რომ გახდა. არ გვეყოფა იმდენი "ავთანდილობა", მივიჩნიოთ, რომ ამაზე თვალების დახუჭვა ეროვნულ მოძრაობას რაიმეს არგებს.
ალბათ შევთანხმდებით იმაზე, რომ ცილისწამება, სიცრუე და სიყალბე უზნეობანია. ეს უზნეობანი მით უფრო საშიში ხდება, თუ მათ პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ...
ვისაც კი ზვიად გამსახურდიასთან რაიმე ურთიერთობა ჰქონია (სამიტინგო ურთიერთობა არა მაქვს მხედველობაში), კარგად იცის, რომ ყველას, ვინც კი გაბედავს და არ დაეთანხმება მას რაიმეში, ზ.გამსახურდია დაუვნებლივ აცხადებს მას ერის მოღალატედ, სუკ-ის აგენტად, კრემლის მოსყიდულად და ა.შ.
იქნებ ასე მხოლოდ იმ ადამიანებს ეპყრობა, რომლებიც მართლაც ასეთნი არიან? არა, ამ ავადმყოფური პრინციპის გამო იქცნენ მისი გუშინდელი მეგობრები - ეროვნული მოძრაობის თავდადებული მოღვაწეები - "მოღალატეებად", "გამყიდველებად", "ბანდიტებად", "ეროვნული მოძრაობის მტრებად", "კრემლის აგენტებად" და ა.შ და ა.შ.
ამ დაუნდობელი ცილისწამების, სიცრუის, ლანძღვა-გინების აქაფებული ნიაღვარი მოედინება ზვიად გამსახურდიას პირიდან თითქმის ყველა მიტინგსა და შეხვედრაზე.
მოვიყვანთ ერთ ასეთ "მარგალიტს":
"აი, რას აკეთებს ეს მთავრობა. დაინახა, რომ გაუტყდა ავტორიტეტი, ხალხი მას აღარ უჯერებს და ეხლა შექმნა თავისი აგენტები ჩვენს მოძრაობაში, გესმით?.. ეს ვითომდაც ეროვნული ფორუმი, ეს ცრუფორუმი, სადაც შეიყარა მოღალატეები, გესმით, გამყიდველები. საქართველოს მოღალატეები შეერთდნენ და დაგვიპირისპირდნენ ჩვენ, ეროვნულ მოძრაობას... აი, რა ხდება, მეგობრებო. გაახილეთ თვალი, გაახილეთ თვალი, რამეთუ მოვიდა მტერი უკვე შენიღბული სხვა ფორმით, სხვა სახით და უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი. უნდა მოიკვეთონ, ამოიწვან ცხელი შანთით ქართველი ერისაგან ეს მოღალატეები და გამყიდველები..." (1990 წლის 1 ივნისს ყვარლის რაიონის სოფ. ახალსოფელში ჩატარებულ მიტინგზე მისი გამოსვლიდან).
ბ-ნო ნოდარ, ეროვნული მოძრაობა, ეს "მოღალატეები და გამყიდველები", თქვენი აზრით, ასე მეტყველი ადამიანის ირგვლივ უნდა შემოიკრიბოს? ან, თქვენი, დიდად პატივცემული მწერლის, მოწოდების მიუხედავად, შემოიკრიბებიან კი?
(ზემოთხსენებულ მიტინგზე მისმა გამოსვლამ ლეკების წინააღმდეგ ძალზე გაამწვავა მდგომარეობა დაღესტანთან. მაგრამ მისი ასეთი პროვოკაციული გამოსვლები ეროვნულ უმცირესობათა შესახებ სხვა საკითხია, თანაც უაღესად მნიშვნელოვანი, რასაც აქ არ ვეხებით. ამ საკითხს ვეხებით მხოლოდ სხვა ეროვნულ ძალებთან მისი დამოკიდებულების თვალსაზრისით, თქვენი წერილის პათოსის - "უნდა შევეგუოთ ისეთს, როგორიც არის" -პასუხად).
ახლა ზ. გამსახურდიას ცილისწამებანი გავიხსენოთ საკოორდინაციო ცენტრში გაერთიანებული პოლიტიკური ორგანიზაციების მიმართ.
როგორც ცნობილია, საკოორდინაციო ცენტრში შემავალმა ორგანიზაციებმა ბევრჯერ განაცხადეს ეროვნულ ყრილობაზეც და ცალკეულ განცხადებებშიც, რომ ეთნიკური კონფლიქტების მოგვარება საჭიროა მშვიდობიანი საშუალებებით, პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით, რაც მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში დაკვიდრებული პრაქტიკაა; რომ საჭიროა ყველა ჩაგრული ერის გაერთიანება საერთო მტრის - კრემლის წინააღმდეგ, და არა ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა.
ზვიად გამსახურდიამ საკოორდინაციო ცენტრის ეს კეთილშობილური და გონივრული პოზიცია ასე გააუკუღმართა (რასაც თითქმის ყველა მიტინგზე იმეორებს):
"ახლა ეროვნული მოძრაობა წამოვიდა, ვითომდაც ეროვნული მოძრაობა, და იძახის, ხალხო, როგორ გეკადრებათ, ვინ გიშვებთო. აგერ თათრებს ეფერებიან შუა ქართლში... ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ჰქვია ჭანტურიას პარტიას და ყოველნაირად ეხვეწება თათრებს, დარჩით, კაცო, სად მიბრძანდებით, თქვენი მიწააო... იქით სომხებს ეხვეწება, დარჩით, კაცო, სად მიბრძანდებით, საქართველო თქვენი სამშობლოაო..." (გაზ. "ივერია", №23, გვ.7).
რანაირად გამოიყვანა ეს ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული დასკვნა ზემოთმოყვანილი პოზიციიდან, ალბათ ეს საიდუმლო მის გონებაში - ცილისწამებების ნამდვილ ფაბრიკაში - ძევს. მიზანი კი ცხადია: სახელი გაუტეხოს ხსენებულ ორგანიზაციებს და მათ წინააღმდეგ აამხედროს "სიბრმავემდე მისული ერთგული" ხალხი.
მსგავსი მაგალითების მოყვანა უხვად შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ერთ ტიპიურ მაგალითს გავიხსენებ კიდევ.
ერთ-ერთ მიტინგზე (გლდანის კულტურის სახკლში, 28 ივნისს 1990 წ) დამსწრის კითხვაზე, მოწყობილი იყო თუ არა ბორითის ავარია, ზვიად გამსახყრდიამ ასეთი პასუხი გასცა:
"მოწყობილი იყო ნამდვილად, მეგობრებო, ნამდვილად მოწყობილი, და ეს იყო შეთქმულება და ამ შეთქმულებას ხელმძღანელობდა აშკარად რევაზ ჩხეიძე და მისი ოჯახი."
ის, რომ საკოორდინაციო ცენტრში "მოღალატეები და გამყიდველებია" შეკრებილი, ან ის, რომ ბორითის ავარია რევაზ ჩხეიძემ მოაწყო, ამ ცილისწამებათა შემოწმება ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეს, ცხადია, არ შეუძლია. მაგრამ ზვიად გამსახურდია ცილისწამებებსა და სიცრუეს არ ერიდება მაშინაც კი, როცა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მათი შემოწმება დოკუმენტური წყაროებით, და ამით იგი საოცრად ჰგავს კომუნისტებს, რომლებიც გასაოცარი უსირცხვილობით ხალხს სწორედ იმის საწინააღმდეგოს უმტკიცებდნენ, რასაც ხალხი საკუთარი თვალით ხედავდა.
მოვიყვანთ ამის მაგალითს:
"ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ" ე.წ. "თურქი-მესხების" შესახებ მრავალგზის გამოაცხადა თავისი პოზიცია საკუთარ გაზეთშიც, ოფიციალურ პრესაშიც, ტელევიზიითაც, მიტინგებზეც, შეხვედრებზეც და ა.შ. ("ივერია", №9, 10, 12, 17. 22; ზურაბ ჭავჭავაძის ინტერვიუ გაზ. "მოლოდიოჟ გრუზიი"-ში, 26.09.90 და სხვა).
აი, ეს პოზიციაც:
"1944 წელს საქართველოდან გაასახლეს ქართველებიც (მესხები) და არაქართველებიც (თურქები, ქურთები და სხვა). გასახლებულ ქართველთა მნიშვნელოვანი ნაწილი საუბედუროდ გადაგვარდა, ქართველობა დაკარგა და თურქობა დაიწყო. მაგრამ გასახლებულთა შორის არიან ქართველები, რომელთაც შეინარჩუნეს თავიანთი ქართველობა და სამშობლოს სიყვარული. სწორედ, აი, ამ ნაწილის სამშობლოში დაბრუნება გვსურს ჩვენ, თანაც ეს დაბრუნება უნდა მოხდეს არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით, საქართველოში არსებული მძიმე ვითარების გათვალისწინებით. ჩვენი აზრით, სამშობლოში დაბრუნებული ქართველები უნდა განსახლდნენ იმ ქართულ სოფლებში (სამცხე-ჯავახეთის გარდა), სადაც არსებობს საამისო პირობები და სადაც ეს არ გამოიწვევს ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობას."
ბ-ნო ნოდარ, რა არის აქ გაუგებარი ან საგანგაშო? როგორ, ბ-ნმა გამსახურდიამ კითხვა არ იცის? იცის, მაგრამ მაინც ამბობს, რომ ილია ჭავჭავაძის საზოგადოება "პირდაპირ, ღიად მოითხოვდა ნახევარი მილიონი თურქის შემოსახლებას საქართველოში, მეგობრებო, პირდაპირ პრესაში მოითხოვდნენ ამას..." (1990 წლის 25 მარტს წარმოთქმული სიტყვიდან. იხ. გაზ. "ივერია", № 22). "ილიას წმინდა სახელი დაირქვეს ამ მოღალატეებმა და მერე თურქების ნახევარმილიონიან არმიას მოეზიდებიან საქართველოში..." (1990 წლის 1 ივნისი, ყვარლის რაიონის სოფ. ახალსოფელი). ამ ბრალდებას იგი იმეორებს თითქმის ყოველ მიტინგზე, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ამ სიცრუის შემოწმება და მხილება. მაგრამ "სიბრმავემდე მისული ერთგული" ხალხი "ბ-ნ ზვიადს" უფრო უჯერებს, ვიდრე დოკუმენტურ წყაროებს! აი, ეს არის თურმე "ავთანდილობა"!
ზ. გამსახურდიას ასეთი გამოსვლების შემდეგ ფსიქოზში ჩავარდნილი გაბოროტებულ ფანატიკოსთა ბრბო რამდენჯერმე ჩასაქოლად მიეჭრა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრებს.
ძალიან ნიშანდობლივია ის ამბავი, რომ "თურქი-მესხების" საკითხში ზ. გამსახურდიას სულ ცოტა ხნით ადრე ზუსტად ისეთივე პოზიცია ჰქონდა, როგორც ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას, რაც გამოხატული იყო მის ინტერვიუში (გაზ. "თბილისი", 1989 წლის 7 ივნისი), მაგრამ "თურქებისაგან მხსნელად" რომ მოვლენოდა მის მიერვე ფსიქოზში ჩავარდნილ ხალხს, სრულიად საწინააღმდეგოს ძახილი დაიწყო მიტინგებზე!
გაბრიყვებულ ხალხს რაღა მოეკითხება, როდესაც თქვენც, ცნობილ მწერალს, დაგაჯერათ ის აშკარა სიცრუე, რომ თითქოს 12 ოქტომბერს (ბორითის ავარიის წინადღეს) ზურაბ ჭავჭავაძემ და თამარ ჩხეიძემ მერაბ კოსტავა ქუთაისში წაიყვანეს ვითომდაც იქ კონტეინერებით ჩამოსული თურქების დასაბინავებლად. მაშ, რას უნდა მივაწეროთ ის, რომ გაზეთ "ქართულ ფილმში" სწერდით, მერაბ კოსტავა მესხების საქმეს შეეწირაო! (18.10.89).
რახან ოქტომბრის ის საშინელი დღე ვახსენე, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ზვიად გამსახურდია "სიბრმავემდე მისულ ერთგულ" ხალხს ზურაბ ჭავჭავაძის წინააღმდეგ "თურქების" საშუალებით ამხედრებდა მაშინაც კი, როცა იგი სულთმობრძავი იწვა საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში. მიტინგებს რომ თავი დავანებოთ, ეს მან პრესაშიც დააფიქსირა! გაზ. "ქართული ფილმის" 1989 წლის 15 ნოემბრის ნომერში ვკითხულობთ (ავარიიდან ერთი თვის შემდეგ):
"ზ. ჭავჭავაძის მავნებლური "თეზისების" წყალობით საქართველოს მომავალში გაუჩნდება ეთნოკონფლიქტების მეექვსე კერა ნახევარმილიონიანი თურქის სახით..."
სულთმობრძავ ზურაბ ჭავჭავაძეზე ფანატიკოსი ბრბოს ამხედრებას ისახავდა მიზნად ზვიად გამსახურდიას ცილისწამებანი ოსებთან დაკავშირებითაც. ასე მაგალითად, 1989 წლის 3 ნოემბერს მთავრობის სახლის წინ გამართულ მიტინგზე ზ.გამსახურდიამ მას "ადამონ ნიხასის" აგენტობა დააბრალა და თქვა, რომ ვითომდაც ზ. ჭავჭავაძე ოსებს ქართულ მიწებს და რესპუბლიკას ჰპირდებოდა (იხ. გაზ. "ივერია, №17). ზურაბ ჭავჭავაძეს კი ამ დროს საქვეყნოდ ჰქონდა გამოთქმული თავისი პოზიცია გაზ. "მოლოდიოჟ გრუზიი"-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში, სადაც იგი ამბობს:
"მთელი ისტორიის განმავლობაში , თვით 1922 წლის 20 აპრილამდე, კავკასიონის სამხრეთით არ არსებობდა თუნდაც უმნიშვნელო ოსური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ჩასახვის სტადიაშიც კი. ამიტომ არ არსებობდა და არც შეიძლება არსებობდეს ოსური სახელმწიფო, როგორც ასეთი, საქართველოს ტერიტორიაზე."
სწორედ ამ პრინციპული დებულების საფუძველზე აწარმოებდა ზურაბ ჭავჭავაძე მოლაპარაკებას "ადამონ ნიხასის" ხელმძღვანელობასთან ეთნოკონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კეთილშობილური მიზნით (დაწვრილებით ამის შესახებ იხ. გაზ. "ივერია", № 17, 21).
ბ-ნო ნოდარ, გთხოვთ კარგად დაიმახსოვროთ სულთმობრძავ ზურაბ ჭავჭავაძეზე თავდასხმის ეს ფაქტები. ქვემოთ დაგვჭირდება.
კიდევ აურაცხელი მაგალითების მოყვანა შეიძლება იმის დასადასტურებლად, რომ ზვიად გამსახურდიას ჩვეული მეთოდია ცილისწამება, სიცრუე, ფაქტების გაყალბება და ა.შ., მაგრამ მოყვანილი მაგალითებიც სრულიად საკმარისია იმათთვის, ვინც ძალად თვალს არ იბრმავებს!
თქვენი არ ვიცით, მაგრამ ზოგიერთები შესაძლოა შემოგვედავონ და გვითხრან, რომ ზემოთმოყვანილ მაგალითებში ზვიად გამსახურდია მართალია და რომ აქ არავითარი ცილისწამება და სიცრუე არაა. ასეთი ტიპის "სიბრმავემდე მისულ ერთგულ" ოპონენტებთან (ბ-ნი ზვიადის მომხრეთა უმრავლესობა ასეთია) პრინციპულად არ ვაპირებ დავას. ვინც ძალით თვალს იბრმავებს, მასთან ვერაფერს გააწყობ! სხვა საქმეა მეორე ტიპის ოპონენტები (რომელთა შორის, სამწუხაროდ, თქვენც ხართ), რომლებიც მტკიცებას დაიწყებენ, რომ ზვიად გამსახურდია კი ტყუის, მაგრამ უნდა მივუტევოთ და მოვუთმინოთ, რადგან იგი, სამაგიეროდ, დიდ საქმეებს აკეთებსო.
თუ რა საქმეებს აკეთებს ზვიად გამსახურდია, დიდს თუ მცირეს, ან რა დამსახურება მიუძღვის ეროვნული მოძრაობის წინაშე და რატომ აქვს საკმაოდ დიდი ავტორიტეტი ხალხის გარკვეულ ნაწილში, ამას ნაწილობრივ ზემოთ შევეხეთ და ქვემოთაც შევეხებით. ჯერ იმაზე ვილაპარაკოთ, თუ რას აფუჭებს ზვიად გამსახურდია თუნდაც მხოლოდ თავისი ცილისწამებებით, სიცრუეებით და ა.შ.
დავიწყოთ იმ ელემენტალური ჭეშმარიტების გახსენებით, რომ ცილისწამება, სიცრუე, სიყალბე არის უზნეობა, უზნეობის გამართლება კი არაფრით შეიძლება. ამას მტკიცება არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ, ეტყობა, სჭირდება, როგორც იმას, რომ (ეს თქვენს წერილშია ნათქვამი) ჭამის წინ ხელი უნდა დაიბანო!..
ცილისწამება, სიცრუე, სიყალბე რომ ათასგვარი ჭირისა და ბოროტების წყაროცაა, ამის შესახებაც არ უნდა სჭირდებოდეს მტკიცება საბჭოთა სინამდვილეში მცხოვრებ ადამიანს.
აი, ის კი, რომ კეთილი, წმინდა მიზნის მისაღწევად რამდენადაა გამართლებული უზნეო ხერხების გამოყენება, დღეს რატომღაც სადაო გახდა, და, ალბათ, როგორც იტყვიან, ძაღლის თავიც აქაა დამარხული. "მიზანი ამართლებს საშუალებას" - ეს მაკიაველური პრინციპი დღესაც ბევრს მიაჩნია გამართლებულად, მათ შორის, როგორც თქვენი წერილიდან ირკვევა, თქვენც, ბატონო ნოდარ.
იქნებ ამ პრინციპის მომხრეებმა რაღაც მაგალითები გამოიხმონ მსოფლიო ისტორიის ბნელი ლაბვირინთებიდან, ჩვენ კი ისტორიულ ლანდებს არ შევაწუხებთ და ჩვენს თვალწინ მიმდინარე მოვლენების ანალიზით ვეცდეით ვაჩვენოთ, თუ რაოდენ დამღუპველია ამ პრინციპის გამოდევნება.
ბ-ნო ნოდარ, ჩვენ ყველანი ადამიანისშვილები ვართ, სისხლით და ხორცით შემდგარნი, ნერვების (საბჭოთა სინამდვილის მიერ ასე დაწყვეტილის!) პატრონები. ცუდად მოპყრობაზე ადვილად ვღიზიანდებით, მიტევების ქრისტესნაირი უნარიც არა გვაქვს მაინც და მაინც... რა გაეწყობა, ეს მკაცრი რეალობაა!.. ხოლო რეალობას ვინც ანგარიშს არ უწევს და ილუზიებში ცხოვრობს, ის ვერც თავის თავს რგებს და ვერც სხვებს. მით უფრო პოლიტიკაშია საშიში რეალიზმის გრძნობის დაკარგვა!
დიახ, არასრულყოფილი ქმნილებანი ვართ ადამიანები, ჩემი და თქვენი ჩათვლით. შესაძლოა, თქვენ ზვიად გამსახურდია ამ თვალსაზრისით სრულყოფილების განსახიერებად მიგაჩნდეთ, მაგრამ ალბათ იმის აღიარებაც მოგიწევთ, რომ მას, როგორც პოლიტიკოსს, რბილად რომ ვთქვათ, რეალიზმის გრძნობა აკლია, რახან ანგარიშს არ უწევს მის გარშემო მყოფთა ადამიანურ სისუსტეებს - გაღიზიანდნენ უსამართლო ლანძღვაზე, ცილისწამებასა და შეურაცხყოფაზე. რა ჰქნან, არასრულყოფილი ქმნილებანი არიან და იმიტომ ვერ იტანენ, როცა მათ ზვიად გამსახურდია უსამართლოდ უწოდებს "სუკის აგენტს", "მოღალატეს", "ეროვნული მოძრაობის მტერს" და ა.შ. სამწუხაროდ, ადამიანთა 90% ასეთი არასრულყოფილი ქმნილებაა. სწორედ ეს 90%-ია, რომელიც დღეს ეროვნულ მოძრაობაში არსებული ბარიკადის სხვადასხვა მხარეს დგას!..
აი, თურმე არც ისე უწყინარი საქციელი ყოფილა უსამართლო შეურაცხყოფა და ცილისწამება! აი, სწორედ ამან მიიყვანა ეროვნული მოძრაობა განხეთქილებამდე, რაზეც დსამართლიანად შეგტკივათ გული!
თქვენ მიტევება მიგაჩნიათ გამოსავლად.
კი ბატონო, მივუტევებთ, ვისაც შეგვიძლია, მაგრამ რა ვუყოთ იმ რეალობას, რომ ადამიანების 90%-ს არ შეუძლია მიტევება და უსამართლო შეურაცხყოფის, ცილისწამების ატანა? როგორ გგონიათ, ამ აურაცხელ ადამიანებში ქრისტესნაირი მიმტევებლობის ჩანერგვა უფრო ადვილია, თუ იმ ერთი კაცისთვის ელემენტალური ზნეობრივი ნორმების შეხსენება?..
თქვენ მიგაჩნიათ, რომ თუკი ზვიად გამსახურდიას ყველაფერს მივუტევებთ და ყველა მის ირგვლივ შემოვიკრიბებით, მაშინ ყველა პრობლემა უმალ მოიხსნება, უმალ ძალას მოიკრებს ყველა პარტია, უმალ ფეხზე დადგება ეროვნული მოძრაობა.
ჩვენ კი გიპასუხებთ:
მართლაც უმალ მოიხსნება ყველა პრობლემა, უმალ ფეხზე დადგება ეროვნული მოძრაობა, თუკი ზვიად გამსახურდია ხლს აიღებს უზნეო მეთოდების გამოყენებაზე, შეწყვეტს ეროვნულ მოძრაობაში განხეთქილების შეტანას და ამით მტრის წისქვილზე წყლის უხვად მიშვებას...
ვიმეორებ თქვენს სიტყვებს: "ასეთია სიმართლე, ასეთია ცხოვრების მოთხოვნა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, თუ მართლა გვინდა საქართველოს თავისუფლება."
●
ახლა ერთ ძალზე მნიშვნელოვან მომენტზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.
თქვენ, იმედია, არა მხოლოდ მწერალი, არამედ მკითხველიც ბრძანდებით და თვალყურს ადევნებთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. ალბათ შეამჩნევდით, რომ მას შემდეგ, რაც თითქოს სიტყვის თავისუფლება მოგვეცა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე სარგებლობს მხოლოდ ზვიად გამსახურდია და მისი "სიბრმავემდე მისული ერთგული" ადამიანები. დაუსრულებლად გრძელდება პრესისა თუ ტელევიზიის მიერ ზვიად გამსახურდიას რეკლამირება, მის და მის მიმდევართა მიერ საკოორდინაციო ცენტრში შემავალი ორგანიზაციებისა და პირების ლანძღვა-გინება და ცილისწამება და საპასუხო განცხადებების ბლოკირება.
ჯერჯერობით გვერდზე გადავდოთ იმაზე მსჯელობა, ვინ არის მტყუანი, და გეკითხებით: რანაირი სიტყვის თავისუფლებაა, როცა მხოლოდ ერთ მხარეს შეუძლია იმით სარგებლობა? განა ცხადზე ცხადი არ არის, რომ ხელისუფლება ხელს უწყობს ზვიად გამსახურდიას?
თქვენ იქნებ სასაცილოდაც არ გეყოთ ეს აზრი და გვითხრათ - როგორ შეძლება, ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს თავისივე წინააღმდეგ მებრძოლსო?
აგიხსნით:
ხელისუფლებას ვერაფერს დააკლებს ერთი ადამიანი. ხელისუფლებას ეშინია ერთიანი ეროვნული მოძრაობის, ამიტომ ყოველნაირად ცდილობს ეროვნული მოძრაობის გათიშვას და დანგრევას. ამ თვალსაზრისით ხელისუფლებისათვის ნამდვილი "აღმოჩენაა", ნამდვილი განძია ზვიად გამახურდია, რომელიც გათიშვის, განხეთქილების, ურთიერთმტრობის განუმეორებელი დიდოსტატია. რატომაც არ შეუწყობს ხელს? ოღონდ, ხალხის თვალის ასახვევად, მასთან ბრძოლის იმიტაციასაც გაითამაშებს, კერძოდ, ეზოში ბომბსაც შეუგდებს, რომელის "შემთხვევით" არ ფეთქდება, მაგრამ ზვიად გამსახურდიას სახელის ირგვლივ ხელოვნური აჟიოტაჟის აფეთქებას კი იწვევს! ასეთი "ბრძოლა", რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ბ-ნი ზვიადის "სიბრმავემდე მისულ ერთგულ" ფანატიკოს გულშემატკივრებს ძალიანაც სჯერათ!
საკითხავია, თუ ხელისუფლება მართლა ასე "ებრძვის" ზ.გამსახურდიას და მისი მოკვლა უნდა, რა ისეთი მოუხელთებელი ფანტომასია ზვიად გამსახურდია? სუკ-ს, რომლისთვისაც მკვლელობა და ყოველნაირი ბნელი საქმიანობა მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც უბრალო ანაბანაა, რა გაუხდა ეს ზვიად გამსახურდია, რომ მის სალიკვიდაციოდ ერთი ხეირიანი ბომბი ვერ იშოვა, ან იმაზე ძლიერი მომწამვლელი გაზი, რომელიც მხოლოდ ქათამსა და ძაღლზე მოქმედებს?.. პასუხი თქვენთვის მომინდვია, ბ-0ნო ნოდარ!
●
კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.
თქვენ ზღვარდაუდებლად აქებთ და ადიდებთ ზვიად გამსახურდიას. კი ბატონო, აქეთ და ადიდეთ, რამდენიც გენებოთ; თუ გნებავთ, ილია ჭავჭავაძესაც შეადარეთ, როგორც მწერალი და საზოგადო მოღვაწე, მაგრამ, თუ ღმერთი გწამთ, ილია ჭავჭავაძის მკვლელობას ნუ აიგივებთ ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობასთან, რადგან ეს, როგორც ქვემოთ დაინახავთ, ფაქტების თავდაყირა დაყენებაა და მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ, როგორც თქვენ ბრძანებთ, "საქართველოს გამოთაყვანებისა და გამოლენჩების წამი უდგას."
თქვენ ალბათ კარგად მოგეხსენებათ, რომ ილიას მკვლელობას წინ უძღოდა ილიას სახელის ლაფში ამოსვრა აურაცხელი ცილისწამების, ლანძღვა-გინების და ბოროტი ჭორების საშუალებით. თვითონ ილია მხოლოდ პასუხობდა ცილისმწამებლებს, ან, უმეტეს შემთხვევაში, პასუხის ღირსადაც არა თვლიდა. იმაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, რომ ილიას თავად ეკადრა ცილისწამება, სიცრუე და ფაქტების გაყალბება.
ილია, ფაქტობრივად, მისმა ცილისმწამებლებმა მოკლეს! ეს კარგად უნდა დავიმახსოვროთ!
ახლა დღევანდელი ვითარება შევუდაროთ იმდროინდელს.
ბ-ნო ნოდარ, როგორც ზემოთ დაინახეთ, (და ამას არც თქვენ უარყოფთ), დღეს ზვიად გამსახურდია არის ის პიროვნება, რომელიც სხვების სახელს თხვრის ლაფში აურაცხელი ცილისწამების, ლანძღვა-გინების, ბოროტი ჭორების საშუალებით. სხვები მას მხოლოდ პასუხობენ, ან, უმეტეს შემთხვევაში, პასუხის ღირსადაც არა თვლიან.
ამა თუ იმ პიროვნების სახელის ლაფში ამოსვრა ცილისწამების, ბოროტი ჭორების საშუალებით მართლაც შემამზადებელი საფეხურია ამ პიროვნების მკვლელობისათვის, მით უფრო პოლიტიკური ვნებათაღელვის პერიოდში. ასეთი მკვლელობა მოხდა საქართველოს მე-20 სდასაწყისში, მოკლულ იქნა უღირსთაგან ცილდაწამებული და შეურაცხყოფილი ილია ჭავჭავაძე.
ჩვენდა სამწუხაროდ და სავალალოდ, ასეთი მკვლელობა (თუმცა სხვა გარემოებაში) მოხდა ჩვენს თვალწინაც, მე-20 საუკუნის დასასრულს. და რაოდენ სიმბოლურია, რომ ეს ისევ ჭავჭავაძეების სახელოვან გვარს უკავშირდება!
ლაპარაკია საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ბრწყინვალე წარმომადგენელზე, ზურაბ ჭავჭავაძეზე - დიდი ილია ჭავჭავაძის სისხლისმიერ და სულისმიერ ნათესავზე!..
როგორც ცნობილია, ბორითის ავტოავარიის დღესვე გარდაიცვალა მერაბ კოსტავა, ხოლო მძიმედ დაშავებული ზურაბ ჭავჭავაძე საავადმყოფოში მოათავსეს ჯერ ბორითში, შემდეგ კი თბილისში. იგი გარდაიცვალა 69-ე დღეს, სწორედ მაშინ, როცა უკვე გადარჩენილად მიაჩნდათ მკურნალ ექიმებს. სიკვდილის მიზეზი გახდა ბოტკინის დაავადება, რომელიც მას გადასხმული სისხლის გზით შეეყარა (ამის დოკუმენტი არსებობს).
თუ მოვლენათა ლოგიკას თვალს გავადევნებთ, ეს იყო მკვლელობა...
ამაზე ქვემოთ, ჯერ ოდნავ გადავუხვიოთ საკითხს.
ექიმებს, როგორც ცნობილია, დადებული აქვთ ჰიპოკრატეს ფიცი, რაც მათ ავალებს, ერთნაირი გულისხმიერებით უმკურნალონ ყველას, მტერი იქნება ავადმყოფი თუ მოყვარე. ასეთი ფიცის საჭიროება, როგორც ჩანს, რეალობამ წარმოშვა. ფიცი კარგი რამაა, მაგრამ ვაი რომ, მასაც არ ასრულებენ ხშირად. ამის მაგალითები ბევრია სამედიცინო პრაქტიკაში და ეს არცაა გასაკვირი. რა თქმა უნდა, ლაპარაკია სამედიცინო სისტემის უღირს წარმომადგენლებზე, მაგრამ ისინი რომ არსებობენ, ამ რეალობას სად გავექცევით?
ესეც დავიმახსოვროთ.
ახლა გავიხსენოთ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ზვიად გამსახურდიას ზურაბ ჭავჭავაძესთან.
ზემოთ მოვიყვანეთ ორიოდე მაგალითი იმისა, თუ როგორი ბოროტი ცილისწამებებით ესხმოდა თავს სულთმობრძავ ზურაბ ჭავჭავაძეს ზვიად გამსახურდია, მის წინააღმდეგ ხალხის ამხედრებისა და გაბოროტების მიზნით. მაგალითების მოუყვანლადაც მიხვდებით, რა აღვირახსნილი კამპანია ჰქონდა გაჩაღებული ზვიად გამსახურდიას უფრო ადრეც, ზურაბ ჭავჭავაძის აქტიური პოლიტიკური საქმიანობის პერიოდში. ეს აღვირახსნილი კამპანია ზვიად გამსახურდიამ დაიწყო მაშინვე, როგორც კი ზურაბ ჭავჭავაძე "ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში" შევიდა და მისი გამგეობის წევრი გახდა. "ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას" ზვიად გამსახურდია საერთოდ ებრძოდა, მაგრამ მთელი თავისი ცილისმწამებლური ღვარძლი მან განსაკუთრებით ზურაბს დაატეხა თავს, როგორც ამ საზოგადოების წამყვან ძალას, ყოველნაირად გამორჩეულ უკეთილშობილეს პიროვნებას და დიდი პოტენციის მქონე პოლიტიკურ ფიგურას.
ზურაბ ჭავჭავაძისადმი ამ ყოვლად უზნეო დამოკიდებულების ანარეკლია ის სიტყვები, რომლებიც მისი გარდაცვალების დღეებში წარმოითქვა და სადაც კარგად ჩანს უღრმესი გულისტკივილი უღირს ადამიანთაგან მისთვის სიცოცხლის გამწარების გამო. მოვიყვან ზოგიერთ ნაწყვეტს:
"ნეტავ ასეთ რა ცოდვას ვატარებთ, რომ ბედისწერას აღარ ჰყოფნის ჩვენი ცრემლი და ურვა... ეგებ სწორედ ამ ცოდვაზე უნდა ჩაგვაფიქროს შენმა სიკვდილმაც, და ჩვენი სულის მიუვალ ბნელში ის უდაბნო აღმოგვაჩენინოს, რომელიც სიყვარულის ნაკლებობით გახრიოკებულა, აღმოგვაჩენინოს და გვათქვევინოს ბოლოს და ბოლოს, რომ ვიდრე სიძულვილით და გესლით, შურითა და სისასტიკით აღვსილვართ ერთმანეთის მიმართ, - ჩვენი განსაცდელი არ დაილევა... მიდიხარ საქართველოდან, როგორც მრავალი წასულა მისგან, ნაწილი საზოგადოებისაგან გულმხურვალედ შეყვარებული, ნაწილისაგან - გულმოკლული და განწირული. სულთმობრძავსაც კი არ გაკლებდნენ შეჩვენებასა და ცილისწამებას..." (ნაირა გელაშვილი, მწერალი).
"შენ ხომ ვერ გიცნო შენმა ერმა, გულიც ბევრჯერ გატკინეს, მადლობის ნაცვლად უმადურადაც მოგექცნენ. მაგრამ ამით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი შენს სიმაღლეს, რომელსაც, ვაგლახ, ვერ მივწვდებით ცოდვით დამძიმებულნი. ასეთი ყოფილა ნათელ კაცთა ბედი... ვეღარ შეეფერებოდნენ, ზურა, შენი და მერაბის წმინდა სულები ცოდვით დამძიმებულ სოფელს, ამიტომაც გიხმოთ ზეცამ. ღვთის ნებაც იყო და ღვთის რისხვაც ჩვენს თავს: არა ვყოფილვართ ჩვენ თქვენი ღირსნი..." (გიორგი მაისურაძე, უნივერსიტეტის პრეს-კლუბი).
"რა მოუშუშებელი და ენით გამოუთქმელი იარაა, რა დიდი ტკივილია შენი ამქვეყნიური არარსებობა... არადა, როგორ სჭირდება დღეს ჩვენს ეროვნულ მოძრაობას შენისთანა გონიერი, წესიერი და მართალი ადამიანები, ხოლო ჩვეენს ახალგაზრდობას შენისთანა დინჯი და დარბაისელი, ზრდილი და კეთილშობილი თავკაცი და წინამძღოლი..." (რევაზ ბალანჩივაძე, ფილოსოფოსი).
და, აი, ასეთ ადამიანს (ნიშანდობლივია, რომ სწორედ ასეთ ადამიანს!) ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო ორი წელი მოუწამლა ყოვლად უღირსი ცილისწამებებით და მის წინააღმდეგ აამხედრა და გააბოროტა ხალხის გარკვეული ნაწილი - თავისი ფანატიკოსი მონები, "სიბრმავემდე მისული ერთგულები", მეტისმეტად აქტიური, ენერგიული, აგრესიული ადამიანები, რომლებიც არაფრის წინაშე უკან არ იხევენ. ყველგან არიან ისინი, - წარმოება-დაწესებულებებშ, სასწავლებლებში, სამედიცინო სისტემაში... დიახ, სამედიცინო სისტემაში, სადაც, სამწუხაროდ, გამორიცხული არაა ჰიპოკრატს ფიცის დარღვევის შემთხვევები!... განა ჩვენს სამედიცინო სისტემაში ჩვეულებრივი ადამიანები არ არიან? განა მის რომელიმე რგოლში არ შეიძლება ყოფილიყო ზ.გამსახურდიას მიერ გაბრიყვებულ-გაბოროტებული, "სიბრმავემდე მისული ერთგული" ადამიანი, რომელიც, ვთქვათ, ბოტკინიან სისხლს მშვიდი სინდისით გაუშვებდა "ერის მტრის", "ერის მოღალატის" ზურაბ ჭავჭავაძისაკენ, ან სხვა ასეთ დანაშაულს (ზ.გამსახურდიას მიერ მოწამლული მისი აზრით - "კარგ, ეროვნულ საქმეს") ჩაიდენდა?..
ამ თვალსაზრისით ძალზე საყურადღებო წერილი გამოაქვეყნა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გელა ლეჟავამ მრავლისმეტყველი სათაურით - "მკურნალმა ჰკურნოს...", სადაც შავით თეთრზე სწერია: "დაუშვებელია, რომ სამედიცინო კოლექტივი დაიყოს მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ბანაკებად. კიდევ უფრო დაუშვებელია მკურნალისა და ავადმყოფის დაპირისპირება." (გაზ. "ლიტერატურული საქართველო", 10.08.90 წ). ამ სიტყვებში განა სამწუხარო სინამდვილის ანარეკლი არა ჩანს?..
ზურაბ ჭავჭავაძის დაღუპვის ეს ვერსია, ცხადია, ეჭვს წარმოადგენს, მაგრამ ეს ისეთი ეჭვია, რომელიც მოვლენების ლოგიკიდან გამომდინარეობს!..
ღმერთმა განგვსაჯოს!..
თქვენ ალბათ შემოგვედავებით და გვეტყვით, რომ ეს არის ცილისწამება და მკვლელობის დაბრალება. კი ბატონო, მაგრამ, ჯერ ერთი, ჩვენ ამას ვუწოდებთ მოვლენების ლოგიკიდან გამომდინარე ეჭვს; მეორეც, უკეთესი იქნებოდა, ჯერ ზვიად გამსახურდიას მიმართოთ ამგვარი საყვედურით, რომელიც არათუ ეჭვს გამოთქვამს ხოლმე, არამედ პირდაპირ ხელს ადებს და მკვლელობას აბრალებს ამა თუ იმ პიროვნებას (მის მიერ ათვალწუნებულს) და უზნეობისა და ულოგიკობის ყოველგვარ საზღვარს გადასული ცილისწამებებით გამოდის ხალხმრავალ მიტინგებზე, მისადმი ბრმად დამჯერე ხალხის წინაშე. პასუხს ვინ მოსთხოვს ამ უსამართლო სახელმწიფოში?..
ზედმეტი არ იქნება ისიც გავიხსენოთ, თუ როგორ ემუქრებოდა გიორგი ჭანტურია (იმხანად ზვიად გამსახურდიას გვერდით მდგომი) ზურაბ ჭავჭავაძეს - "მე შენ შუბლს გაგიხვრიტავო!"
ასეთ ფრაზებს ჰაიჰარად, შემთხვევით არ ისვრიან!..
გამორიცხული არაა, რომ ზურაბ ჭავჭავაძის, როგორც დიდი პოტენციის მქონე პოლიტიკური ფიგურის, ფიზიკური ლიკვიდაციის იდეა არსებობდა ზვიად გამსახურდიას გარემოცვაში, და, რაც მთავარია, ეს იდეა არ წარმოიშობოდა ზვიად გამსახურდიას ნების გარეშე. მე ვლაპარაკობ ზვიად გამსახურდიას გარემოცვაზე, თორემ სპეცსამსახურებში ასეთი იდეა, ბუნებრივია, იარსებებდა.
ასეა თუ ისე, ისტორია, შეიძლება ითქვას გარკვეულწილად განმეორდა:
ილიას მტრების ცილისმწამებლურმა თავდასხმებმა შეამზადა საფუძველი ილია ჭავჭავაძის მკვლელობისათვის.
ზვიად გამსახურდიას ცილისმწამებლურმა თავდასხმებმა შეამზადა საფუძველი ზურაბ ჭავჭავაძის ფაქტობრივი მკვლელობისათვის.
აი, ეს გახლავთ რეალური ანალოგია! ფაქტების ლოგიკაზე და არა "სიბრმავემდე მისულ ერთგულ" ადამიათა ლიტონ სიტყვებზე დაფუძნებული ანალოგია!..
(ბ-ნო ნოდარ, გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ მე ილია ჭავჭავაძეს და ზურაბ ჭავჭავაძეს კი არ ვუდარებ ერთმანეთს, არამედ მათ მკვლელობათა წინაპირობებს. ეს შედარებაც არ მომივიდოდა აზრად, რომ არა თქვენი წერილი, რომელშიც ილიას მკვლელობას ლამის აიგივებთ ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობასთან. თქვენმა ამ შედარებამ, ცხადია, არ გამაკვირვა, მაგრამ, გულახდილად გეტყვით, აღმაშფოთა, რადგან ეს, როგორც ზევით დავინახეთ, ფაქტების თავდაყირა დაყენებაა).
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით თქვენთვის გასაგები უნდა იყოს ის ფაქტი, რომ 1990 წლის 1 ივნისს ზურაბ ჭავჭავაძის ახლობლებმა და მეგობრებმა ქ. ყვარელის შესასვლელში გზა გადაუღობეს ზვიად გამსახურდიას და მის თანმხლებთ, და მიტინგის ჩასატარებლად არ შეუშვეს ყვარელში, სადაც, ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში მისგან სიცოცხლეგამწარებული ზურაბ ჭავჭავაძეა დაკრძალული...
...ზვიად გამსახურდია თუკი ერისათვის რაიმე სასიკეთოს იქმს, ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლობას ვეტყვით და დავუფასებთ, მაგრამ, ბ-ნო ნოდარ, იმას ნუ გვთხოვთ, მის უზნეობასა და ავკაცობაზე თვალები დავხუჭოთ და "შევეგუოთ ისეთს, როგორიც არის"!.. ზურაბ ჭავჭავაძის ჭირისუფლებს მაინც ნუ გვთხოვთ ამას!..
●
აქ მხოლოდ ერთი კონკრეტული მაგალითია მოყვანილი იმისა, თუ რა უბედურება შეიძლება მოუტანოს ამა თუ იმ პიროვნებას მის წინააღმდეგ ბრმად მორჩილი "სიბრმავემდე მისული ერთგული" ხალხის ამხედრებამ ბოროტი ცილისწამებების საშუალებით. კიდევ უფრო ადვილი წარმოსადგენია, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჩვენი გაუბედურებული ქვეყნისათვის გაუთვითცნობიერებელი ხალხის ფსიქიკაზე ზ. გამსახურდიას ამგვარ გამიზნულ ზემოქმედებას...
"შეგუება" გამოსავალი არაა. ეს სრულიად არარეალურია იმ "უბრალო" მიზეზის გამო, რომ თვით ზ.გამსახურდია არ ჰგუობს იმათ, რომელთაც თქვენ შეგუებას ურჩევთ...
დიახ, ჩვენს ეროვნულ მოძრაობაში, და, საუბედუროდ, მთელ მოსახლეობაში განხეთქილებათა და დაპირისპირებათა ნამდვილი "შემოქმედი" და ლომის წილის მქონე გახლავთ ზ.გამსახურდია.
სწორედ ამგვარი განხეთქილებებითა და დაპირისპირებებით იწყება საერთოდ შინაარეულობა ქვეყანაში. ხოლო შინაარეულობის მიზეზით რამდენი განსაცდელი და უბედურება ახსოვს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ამის შეხსენებას აღარ შეგკადრებთ, ბ-ნო ნოდარ!
●
თქვენ სწერთ, რომ როგორც კი ტელევიზიით გამოუცხადებიათ, ზვიად გამსახურდიას მანქანას აფეთქება დაუპირესო, თქვენ ეს, როგორც ჩანს, მაშინვე გულუბრყვილოდ დაგიჯერებიათ და კოლხურ კოშკს მისდგომიხართ, სადაც ბევრი "ავთანდილი" გინახავთ.
არ შემიძლია, არ მოვიყვანო ეს ადგილი თქვენი წერილიდან:
"ისინი იდგნენ ჭიშკართან, ეზოში, ხის ძირას ისხდნენ, მზად იყვნენ ყოველ წამს, ყოველ დაძახებაზე ყველა საქმე მოეგვარებინათ მეგობრისათვის... ნეტა გენახათ მათი თვალები, მათი მოწიწება და მორიდება ყველაფრისადმი, სიყვარულით ანთებულნი სწორედ "ვეფხისტყაოსნის" გმირებს ჰგავდნენ."
ო, რა გულისამაჩუყებელი სცენაა! დიდ არს ძალა სიყვარულისა!.. მაგრამ, ვაი რომ, ამ სიყვარულს, თქვენივე აღიარებით, "სიბრმავე" უდევს საფუძვლად!
ასეთი "სიყვარულის" კიდევ ერთ ჭკუის სასწავლ ნიმუშს გაგახსენებთ, ბ-ნო ნოდარ.
თქვენ ალბათ კარგად გახსოვთ 1953 წლის მარტი, სტალინის გარდაცვალება. როგორ სტიროდა ყველა, დიდი და პატარა... რაც მთავარია, გულწრფელად სტიროდნენ!.. ამაზე მეტი "ავთანდილობა", ამაზე მეტი სიყვარულის გამოვლინება რაღა გინდათ!..
არც ამის ახსნას შეგკადრებთ.
იმას გეტყვით მხოლოდ, რომ სიყვარული და ერთგულება დაფუძნებული უნდა იყოს არა ბრმა თაყვანისცემაზე, არამედ სიმართლეზე, სიკეთეზე, ჭეშმარიტებაზე, ზნეობაზე... აი, სწორედ ასეთი სიყვარული და ერთგულება არ შეიცვლება ბოლოს სიძულვილით და მტრობით...
●
თქვენს სტატიაში ფრიად სანუგეშებლად მომეჩვენა თქვენი სიტყვები:
"როცა ზ. გამსახურდიას ვაქებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაძაგებ რომელიმე სხვა ეროვნულ მოღვაწეს (გვარებს განგებ არ ვასახელებ, ისინი ბევრნი არიან!), ან რომელიმე პარტიის მოღვაწეობა არ მომწონს. არა, ვისაც რა შეუძლია, იმას აკეთებს. რასაკვირველია, ფიქრადაც არა მაქვს დავამცირო მათი ღვაწლი და დამსახურება საქართველოს წინაშე, თავისუფლებისათვის მათი ბრძოლა, საბჭოთა კატორღებში თავს გადამხდარი ტანჯვა-წამება გავაიაფო ან გავაუფასურო. ქართველი ერის გამოღვიძებისათვის მათ ელვარე მოღვაწეობას ჩრდილი მივაყენო, - ღმერთმა დამიფაროს!"
დიდი მადლობა გეკუთვნით, ბ-ნო ნოდარ, იმისათვის, რომ ეს სიტყვები თქვით! მათში ჩანს, რომ თქვენც ცუდ საქციელად მიგაჩნიათ ჭეშმარიტი პატრიოტების დაუფასებლობა და, მით უმეტეს, უსამართლო ლანძღვა-გინება, რაც იმედს იძლევა, რომ ბოლოს და ბოლოს მიხვდებით, რომ უზნეობაზე თვალების დახუჭვა კარგს არას მოგვიტანს, თავს დაანებებთ "სიბრმავემდე მისული ერთგული ავთანდილების" აპოლოგიას, სინამდვილეს საღი თვალით შეხედავთ და თქვენს თავში აღადგენთ ნამდვილ ავთანდილობას - სიმართლისა და ჭეშმარიტებისადმი რაინდულ ერთგულებას.
ანზორ აბჟანდაძე
აგვისტო, 1990 წ.
Комментарии
Отправить комментарий