აქა ამბავი ჩვენი ურთიერთობისა რუსეთთან და ჩვენს ევროპელ-ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებთან
ამ ბლოგით მინდა წარმოვადგინო ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის, და "სტატეგიული პარტნიორების" - ამერიკისა და ევროპის (ევროკავშირი, ნატო) "პოლიტიკური პორტრეტები".
წინასწარ უნდა აღვნიშნო, რომ მე ამ ქვეყნებთან დაკავშირებით მხოლოდ პოლიტიკაზე ვილაპარაკებ და არა მათ კულტურაზე, რადგან მიმაჩნია, რომ პოლიტიკისა და კულტურის აღრევა უკიდურეს სიმახინჯემდე მიდის ხოლმე (მაგ. პროტესტის ნიშნად რუსოფობის მიერ რუსული კულტურის ლანძღვა, ან ანტიევროპელის მიერ ევროპული კულტურის ლანძღვა).
მაშ, შევუდგეთ საქმეს.
რუსეთი რომ არად დაგიდევთ სხვა ქვეყნების ინტერესებს და მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად იქცევა, ეს არ ახალი ამბავია. (ისე, ყველა დიდი და ძლიერი ქვეყანა ასე იქცევა). ეს არის რეალური მოცემულობა და თუ გვინდა, ამ მოცემულობისაგან არ დავზარალდეთ, პირიქით - როგორმე უნდა ვეცადოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მის გამოყენებას. ეს რეალ-პოლიტიკის ელემენტარული ანბანია.
პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ, რომ რუსეთი მწარედ სჯის ყველა მეზობელ ქვეყანას, ვინც მისი მტრებისკენ დაიწყებს ყურებას და, მით უმეტეს, თუ მისი მტრების რაკეტების განლაგებას მოინდომებს თავის ტერიტორიაზე. უკრაინა ამის თვალნათელი მაგალითია. ასევე დაისაჯა სომხეთიც, რომლის რევოლუციის გზით მოსულმა ლიბერალმა ხელისუფლებამ დასავლეთისაკენ დაიწყო ყურება. ასევე დავისაჯეთ ჩვენც 2008 წელს. (ეროვნული მოძრაობის წლებში (1988-91 წწ) ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ცალკე თემაა. იხ. ჩემი ბლოგი "უკიდურესობათა ტრაგიზმი და დემოკრატიული ღირებულებანი", 2015-16 წწ. https://jildo-jildo.blogspot.com/2016/03/
რუსეთი რომ ასეთია და არა სხვანაირი, სწორედ ამიტომაა საჭირო, ფრთხილად მოვიქცეთ მასთან.
თუ რუსეთთან ურთიერთობა "სამარცხვინოდ" მიგვაჩნია, (როგორც რუსოფობები ამბობენ), მაშინ გამოდის, რომ არსებულ პოლიტიკურ რეალობას იმ ზნეობრივი კატეგორიებით ვუდგებით, რის შესახებაც რუსთველი ბრძანებს - "სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი", მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს დიდებული მცნება პიროვნების დონეზე სრულიად გასაგები და ზნეობრივია, მაგრამ სრულიად გაუგებარი და არაზნეობრივია, როდესაც საქმე ერის სიცოცხლეს, ერის ყოფნა-არყოფნას ეხება.
კარგი, ჩავთვალოთ, რომ ერის "სახელოვანი სიკვდილი" სჯობია ისეთ "სამარცხვინო სიცოცხლეს", როგორიც აქვთ, მაგალითად, აზერბაიჯანს, სომხეთს (წინა წლებში), ბელორუსიას, შუა აზიის ქვეყნებს, რომლებსაც კარგი ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ რუსეთთან, და ამ "სამარცხვინო სიცოცხლის" თავიდან ასაცილებლად საჭიროა, სხვა, ღირსეული გზის ძიება.
რუსეთს კი გავექეცით, მაგრამ ვისკენ მივისწრაფვით, ვის ვუვარდებით "მკლავებში"?
თუ რუსეთის მორალურ სახეს ვითვალისწინებთ (დღევანდელობისა და ისტორიის გათვალისწინებით), რატომ არ ვითვალისწინებთ ამერიკა-ევროპის მორალურ სახეს, ანუ მათ ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან (ასევე დღევანდელობისა და ისტორიის გათვალისწინებით)? რატომ გვინდა "სტრატეგიული ურთიერთობა" მათთან, როდესაც ვიცით, ან გაგვიგონია, რომ მათაც სრულიად მიუღებელი და ბოროტი დამოკიდებულება გამოამჟღავნეს სხვა ქვეყნებთან? ჩვენთან რატომ ექნებათ უკეთესი ურთიერთობა? ჩვენი ლამაზი თვალების გამო?ახლა გავიხსენოთ, რა ბოროტებანი აქვთ ჩადენილი ამერიკა-ევროპას (სხვათა შორის, ამერიკის სახელმწიფოც ძირითადად ევროპელებმა შექმნეს), ანუ როგორი მორალური სახე აქვთ ჩვენს "სტრატეგიულ პარტნიორებს"?
ამერიკა: მისი ისტორია საშინელი საკაცობრიო დანაშაულით იწყება - ეს არის ამერიკის კონტინენტის ადგილობრივი მოსახლეობის, ადგილობრივი ცივილიზაციის ფაქტობრივად სრული განადგურება; ასევე დაუნდობლობით და ბოროტმოქმედებებით გაგრძელდა მისი შემდგომი ისტორიაც: აფრიკელი შავკანიანების მონობა, რაც გაგრძელდა გასული საუკუნის სამოციან წლებამდე; სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში უხეში ჩარევები სახელმწიფო გადატრიალებების ჩათვლით; იაპონიის ორი ქალაქის ატომური დაბომბვა და ასიათასობით მშვიდობიანი ადამიანის (მათ შორის ბავშვების!) განადგურება; უამრავი სისხლისმღვრელი ომები სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე - კორეა, ვიეტნამი, ავღანეთი, ერაყი, ლიბია, სერბეთი და ვინ მოთვლის სხვა რამდენი... იქაც ასეულ ათასობით ბავშვის დაღუპვა!.. (არადა, ჩვენი პროპაგანდისტული მედიის მიხედვით, თურმე მარტო უკრაინელი ბავშვებია ბავშვები!). და ეს ყველაფერი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების სახელით!!!
ევროპა: უსაშინლესი ინკვიზიცია; უამრავი ომები, უამრავი კოლონიები... სწორედ ევროპაში დაწყებული ორი ყველაზე სისხლისმღვრელი მსოფლიო ომი... მათ წიაღში წარმოშობილი სასტიკი იდეოლოგიები - ფაშიზმი, კომუნიზმი, ლიბერალიზმი... (რეიგანის ცნობილი გამონათქვამი - ამერიკაში თუ ფაშიზმი დამყარდა, იგი ლიბერალიზმის სახით მოვაო)... ამ ომებსაც ასეულ ათასობით ბავშვის სიცოცხლე შეეწირა!... (არადა, ჩვენი პროპაგანდისტული მედიის მიხედვით, თურმე მხოლოდ უკრაინელი ბავშვებია ბავშვები)!
კარგი, დავუშვათ, ეს ძველი ამბებია და ახლა უკვე "გამოსწორდნენ". მაშინ ის გავიხსენოთ, როგორ მოგვექცნენ ჩვენ ნანატრი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.
ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენივე ბედოვლათობით და სხვების ხელშეწყობით მომხდარი სამოქალაქო ომის გამო საქართველო მართლაც თითქმის გაპარტახებული და დასახმარებელი იყო, როგორ დაგვეხმარა ამერიკა-ევროპა?
მათი"რეკომენდაციით", ანუ ბრძანებით (იმდროინდელმა ხელისუფლებამ სხვა გზა ვერ დაინახა, გარდა მათი მონური მორჩილებისა და მათი ბრძანებების უსიტყვოდ შესრულებისა), ჩვენ ჯართში უნდა ჩაგვებარებინა ფაბრიკა-ქარხნები, მწარმოებელი ქვეყნიდან მომხმარებელ ქვეყნად ვქცეულიყავით და ეკონომიკა მხოლოდ ტურიზმზე აგვეგო. ესე იგი, გვითხრეს, ჩვენ ვაწარმოებთ და თქვენ შეისყიდეთო. ეს იყო ყველაზე უარესი "რეკომენდაცია" (ანუ ბრძანება), რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს კაცმა.
ცხადია, ჩვენი მრეწველობა დიდად ჩამოუვარდებოდა დასავლურს (საყოფაცხოვრებო დანიშნულების წარმოებებს ვგულისხმობ, თორემ სამხედრო მრეწველობა მეტი თუ არა, არანაკლები იყო დასავლურზე), მაგრამ თუ ჩვენი ნამდვილი დახმარება უნდოდათ, მაშინ ან ჩვენი მრეწველობის მოდერნიზებაში უნდა დაგვხმარებოდნენ, ან, თუ ჩვენს ფაბრიკა-ქარხნებს ჯართში ჩაგვაბარებინებდნენ, სამაგიეროდ დასავლურ ტექნოლოგიებზე დამყარებული მრეწველობის განვითარებაში უნდა შეეწყოთ ჩვენთვის ხელი. არც ერთი გააკეთეს და არც მეორე! გვიბრძანეს მხოლოდ ჯართში ჩაბარება და მრეწველობაზე უარის თქმა! ამან გამოიღო ის სავალალო შედეგი, რაც დღესა გვაქვს (აღარ ჩამოვთვლი).
სხვათა შორის, დღესაც კი, როდესაც სესხს ან გრანტს გვაძლევენ, მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს სახსრები არ მოხმარდება მრეწველობის განვითარებას და მხოლოდ ინფრასტრუქტურისათვის უნდა გამოვიყენოთ (გზები, ხიდები... ცხადია, ესეც საჭიროა. მით უმეტეს, მათაც სჭირდებათ!). მათი ინტერესების გამტარებელ ენჯეოებზე აღარას ვამბობ, მათთვის არ ენანებათ სახსრები!
არ ვამბობ, რომ მაინც და მაინც ჩვენი ჯინი ჭირდათ! არა, ჩვენნაირ ქვეყნებს ყველას ასე ექცევიან, თუ რაიმე განსაკუთრებული ინტერესი არა აქვთ (მაგ. ისრაელი, სამხრეთ კორეა...). ისინი მხოლოდ იმისთვის "გვეხმარებიან" ფინანსებით, რომ გავლენის სფერო გაიფართოონ და რაღაც მიზნით პლაცდარმად გამოიყენონ ჩვენნაირი ქვეყნები! და არა ჩვენი ლამაზი თვალების გამო! ჩვენ, მაგალითად, რუსეთის საწინააღმდეგო პლაცდარმად ვჭირდებით! გამოჩნდა კიდეც აშკარად!
ამერიკა-ევროპა 30 წელზე მეტია მბრძანებლობს ჩვენზე და ჩვენს საგარეო და საშინაო პოლიტიკას განსაზღვრავს. შედეგიც სახეზეა: გაპარტახებული ეკონომიკა, დაკარგული ტერიტორიები, დანგრეული განათლების სისტემა, განახევრებული მოსახლეობა, გადაგვარებული ზნეობა, უკიდურესად შეზღუდული სუვერენიტეტი, უიმედობა, უპერსპექტივობა...
სადაა გამოსავალი?
დღეს ან აზერბაიჯანივით უნდა დავუკავშირდეთ რუსეთს (ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და უსაფრთხოების ერთადერთი რეალური გზა!), ან ნეიტრალიტეტისაკენ ავიღოთ გეზი (ამის მიღწევა საეჭვოა).
მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უარი უნდა ვთქვათ რუსეთის მტრების - ნატოს და ამერიკის ე.წ. "სტრატეგიულ პარტნიორობაზე", რაც რეალურად პარტნიორობა კი არა, ბატონყმობაა! და, რაც მთავარია, რუსეთის მტრებთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა განუზომლად ზრდის საფრთხეს რუსეთის მხრიდან! (კიდევ ერთხელ გავიხსენოთ უკრაინა და ჩვენი 2008 წელი).
მაგრამ ამ გამოსავლის გზაზე დღეს გადაულახველ წინააღმდეგობას ქმნის ამერიკა-ევროპის მიერ ჩვენში დიდი წარმატებით დანერგილი რუსოფობია, რასაც ხელს უწყობს ჩვენი ყოვლად უგნური საგარეო პოლიტიკაც და რუსეთის, როგორც იმპერიალისტური სახელმწიფოს, ძალზე ხისტი დამოკიდებულებაც ჩვენს მიმართ (თუმცა ეს არა მარტო რუსეთისთვის, არამედ ნებისმიერი სხვა იმპერიალისტური ქვეყნისთვისაა მეტ-ნაკლებად დამახასიათებელი).
მაგრამ აქ უპრიანია, კიდევ ერთხელ გადავხედოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს.
როდესაც რუსეთ საქართველოს ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ, მხოლოდ დღევანდელი (30 წლიანი) ვითარებიდან არ უნდა გამოვიდეთ და ისტორიული პერსპექტივა უნდა გავითვალისწინოთ, მხოლოდ უარყოფითს არ უნდა ვიხსენებდეთ (ეს ყველამ ლამის ზეპირად იცის) და დადებითზე არ უნდა გვქონდეს ალერგია და ელეთ-მელეთი.
რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნის შემადგენლობაში ყოფნა ცუდია, მაგრამ აქაც არის დიდი განსხვავება რუსეთსა და სხვა იმპერიულ სახელმწიფოებს შორის.
რუსოფობები ხშირად ამბობენ, რომ რუსეთი ჩვენს გარუსებას ცდილობდა, ენას გვართმევდა, ტაძრებში ფრესკებს გვითეთრებდა, და ა.შ.
კი, ცდილობდნენ ჩვენს გარუსებას გარკვეული გავლენიანი პოლიტიკური ძალები (მაგ ხრუშჩოვი, სუსლოვი...) მაგრამ ამ თვალსაზრისით რუსული იმპერიული პოლიტიკა გაცილებით ტოლერანტული იყო სხვა დიდ იმპერიულ ქვეყნებთან შედარებით.
ფაქტია, რომ ჩვენ რუსეთის ბატონობის 200 წლის განმავლობაში არ გავრუსებულვართ! ანუ მაინც და მაინც არ უცდიათ ჩვენი გარუსება! პირიქით - ქართული კულტურა, ქართული იდენტობა არნახულად განვითარდა!
არც ჩრდილოკავკასიელები გარუსებულან, - არც ენა დაუკარგავთ, არც სარწმუნოება და არც ეროვნული იდენტობა.
შევადაროთ ჩვენს "მეგობარ" თურქეთს: მათ ყველა ქართველი გაათურქეს ჩვენგან მიტაცებულ ტერიტორიებზე, - სარწმუნოებაც შეუცვალეს, ენაც დაუკარგეს, სახელები და გვარები შეუცვალეს, ქართული ეკლესიები გაუუქმეს. თურქეთის ტერიტორიაზე ერთი ეკლესიის გახსნის უფლებასაც არ გვაძლევენ, აქ კი უამრავი მეჩეთი ააშენეს...
შევადაროთ ევროპას: როგორ მოექცნენ ევროპელები, მაგალითად, ავსტრალიელებს, ახალ ზელანდიელებს? ავსტრალიაში, მაგალითად, აბორიგენი მოსახლეობა მხოლოდ 2%-ია დარჩენილი! (ამერიკის კონტინენტის ადგილობრივ მოსახლეობას თუ როგორ მოექცნენ, ეს ზემოთ გავიხსენეთ). შედარება აშკარად რუსეთის გაცილებით მეტ ტოლერანტულობაზე მეტყველებს, ვიდრე თურქეთის, ევროპის, ამერიკის.
დღეს რომ რუსეთთან სამოკავშირო ხელშეკრულებები აქვთ დადებული - ბელურუსია, სომხეთი, აზერბაიჯანი, შუა აზიის ქვეყნები - გარუსებულები არიან? გარუსებული კი არა, რუსეთს არც კი ემორჩილებიან პრინციპულ საკითხებში - რომელმა ასეთმა "გარუსებულმა" ქვეყანამ აღიარა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა? არ გიკვირთ, ეს რომ "გაუბედეს" რუსეთს? აბა, ერთი ჩვენ გავბედოთ და რაიმეზე უარი ვუთხრათ ჩვენს "სტრატეგიულ პარტნიორებს" - ამერიკა-ევროკავშირს! ლგბტ-ს პრაიდის უარისთქმის გამოც კი გვემუქრებიან! 3+3 ფორმატში მონაწილეობაც კი აგვიკრძალეს, სადაც მოლაპარაკების მაგიდას ერთად მიუსხდნენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული ქვეყნები (თურქეთი-სომხეთი, აზერბაიჯანი-სომხეთი)!..
ალბათ შენიშნავდით: ამერიკა-ევროპის შესახებ მხოლოდ ცუდ მხარეებზე ვწერ, ხოლო რუსეთის შემთხვევაში - მხოლოდ კარგ მხარეებზე. ეს, ცხადია, სრულიად არ ნიშნავს, რომ ან ერთისადმი ვარ სიძულვილით განწყობილი, ან მეორის მიმართ - სიყვარულით. საქმე ისაა, რომ ჩვენი პროპაგანდისტული მედიის წყალობით ჩვენმა საზოგადოებამ რუსეთის შესახებ მხოლოდ ცუდი მხარეები იცის (თანაც ლამის ზეპირად), ხოლო ამერიკა-ევროპის შესახებ - მხოლოდ კარგი მხარეები (ესეც ლამის ზეპირად) და რაღა საჭიროა მათზე ლაპარაკი? მე მხოლოდ იმ ბალანსის აღდგენას ვცდილობ, რაც ჩვენი პროპაგანდისტული და უაღრესად ტენდენციური მედიის მიერ საშინლად არის დარღვეული. ანუ რუსეთის შესახებაც და დასავლეთის შესახებაც ობიექტურად უნდა ვიმსჯელოთ - რაც კარგი აქვთ, ისიც ვთქვათ და რაც ცუდი აქვთ - ისიც.
და ბოლოს გავიხსენოთ ქართველი ვაიპატრიოტების ურაპატრიოტული, რუსოფობიური, "უკვდავი" შეძახილი - "აბა რუსეთის გუბერნიობა გინდათ?"
არა, არ გვინდა! მაგრამ როგორ ფიქრობთ - ზემოჩამოთვლილი ქვეყნები - აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, შუა აზიის ქვეყნები - "გუბერნიები" არიან? "გუბერნია" იყო უკრაინა 2014 წლის "მაიდნამდე"?
რეალური გუბერნია სწორედ ჩვენ ვართ - ოღონდ ამერიკა-ევროკავშირის გუბერნია! 30 წელზე მეტია ამერიკა-ევროკავშირი გვმართავს! მათი დირექტივების გარეშე საქართველოს არანაირი შინაური თუ საგარეო პოლიტიკის გატარება არ შეუძლია! აკრძალული გვაქვს! თუ მათ დირექტივებს გადავუხვიეთ და წინააღმდეგობის გაწევა მოვინდომეთ, "უანგარო დახმარების" (!) შეწყვეტით გვემუქრებიან! სახელმწიფო გადატრიალებით გვემუქრებიან!
ამერიკა-ევროკავშირის ამ რეალური გუბერნიობის შედეგად რა მივიღეთ?
მივიღეთ გაპარტახებული ეკონომიკა, დაკარგული ტერიტორიები, უამრავი დევნილი, უამრავი მსხვერპლი, მოშლილი განათლების სისტემა, განახევრებული მოსახლეობა, გადაგვარებული ზნეობა, საშინლად შეზღუდული სუვერენიტეტი, უპერსპექტივობა, უიმედობა...
2022
Комментарии
Отправить комментарий