ვთქვათ გალობანი სინანულისანი (1999 წ)

 წიგნიდან "ვთქვათ გალობანი სინანულისანი", გამომც. "კალმოსანი", 2019.


(1991-92 წლების მოვლენების პოლიტიკური შეფასებისათვის)

„არს სინანული, ნუვინ წარიკუეთთ სასასოებასა!“ - ამბობს იოანე ოქროპირი.
სწორედ ამ ოპტიმისტური განწყობილებითაა გაჯერებული ეს წერილი, რომელიც ეძღვნება ქართულ ეროვნულ მოძრაობაში ჩაბმულ აქტიურ პოლიტიკოსებს - 1991-92 წლების მოვლენების მეტ-ნაკლებად წარმმართველთ, - დღეისათვის კი ხელისუფლებაში მყოფთაც, ოპოზიციონერებსაც, ზვიადისტებსაც, ანტიზვიადისტებსაც, მემარჯვენეებსაც, მემარცხენეებსაც, ცენტრისტებსაც, მემარჯვენე-ცენტრისტებსაც, მემარცხენე-ცენტრისტებსაც, მემარჯვენე-მემარცხენეებსაც, მემარცხენე-მემარჯვენეებსაც და ა. შ. (ეს ფანტასტიკურად მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი მთლიანობაში, სამწუხაროდ, გვაძლევს ერთ ფერს - შავს)...
ჯერ მოკლედ შევეხები „პერესტროიკის“ წლებში არნახულად გააქტიურებულ ქართულ ეროვნულ მოძრაობაში შექმნილ ვითარებას იმ დროისათვის.
1988 წლიდანვე ეროვნული მოძრაობა ე. წ. „რადიკალობის“ ნიშნით გაითიშა. მართალია, ეროვნული მოძრაობის საერთო მიზანი სრულიად ნათელი და რადიკალური იყო - დამოუკიდებლობა, დემოკრატია - მაგრამ ამ მოძრაობაში ჩართულმა გარკვეულმა ძალებმა მაინც თავიანთი თავი გამოაცხადეს ე. წ. „რადიკალებად“ და რადიკალური აქციების ჩატარება რატომღაც ერთადერთ სწორ გზად დასახეს. ეროვნული მოძრაობის უმეტესი ნაწილი ამ სამიტინგო, „საშიმშილო“ რადიკალიზმის გზას გაჰყვა და თავისუფლებისათვის ბრძოლა, ფაქტობრივად, მომავალი ხელისუფლებისათვის ბრძოლაში პოლიტიკური ქულების მოპოვების ასპარეზად აქცია.
„რადიკალებმა“ თავიდანვე ძალზე აგრესიული და მტრული პოზიცია დაიკავეს, ასე ვთქვათ, „არარადიკალთა“ მიმართ, რომელთაც, ცხადია, იგივე რადიკალური მიზანი ჰქონდათ - დამოუკიდებლობა, დემოკრატია - მაგრამ ამ მიზნის მიღწევის გზაზე ზოგჯერ მიზანშეუწონლად და, გარკვეულ შემთხვევებში, პროვოკაციულადაც მიაჩნდათ რადიკალური აქციები. მათი თვალსაზრისით, ბრძოლის სხვადასხვა საშუალების დროული, გონივრული გამოყენება წარმოადგენდა სწორედ ჭეშმარიტ რადიკალიზმს და დამოუკიდებლობის მიღწევის რეალურ გზას. (აღსანიშნავია, რომ სწორედ ასეთი ჭეშმარიტი რადიკალიზმით მიაღწია გამარჯვებას ბალტიისპირულმა ეროვნულმა მოძრაობამ, რომელსაც ჩვენი „რადიკალები“ იმ ხანებში მოღალატურ მოძრაობად აცხადებდნენ, რადგან მათი გზისაგან განსხვავდებოდა).
„რადიკალთა“ მხრიდან ცალმხრივი ინიციატივით მომხდარმა გათიშვამ და, საერთოდ, მცდარმა რადიკალიზმმა ეროვნული მოძრაობა, რა თქმა უნდა, ჩიხში შეიყვანა.
მეტიც, სწორედ ამ „რადიკალთა“ შორის შემდგომში წარმოშობილმა მწვავე დაპირისპირებამ (ჯერ „რადიკალთა“ მიერ შექმნილი „ეროვნული ფორუმის“ დაშლამ, შემდეგ კი არჩევნებში გამარჯვებული „მრგვალი მაგიდის“ გახლეჩამ) მიიყვანა საქართველო სამოქალაქო ომამდე (რაც მშვენივრად გამოიყენა რუსეთმა)...
სამოქალაქო ომმა კი უმძიმესი შედეგები მოუტანა საქართველოს.
ყოველივე ამის უფრო კონკრეტულად წარმოჩენა, იმ წლებში დაგროვილი ზღვა მასალის გაანალიზების საფუძველზე, ჩვენი უახლესი ისტორიის სპეციალისტთა საქმეა.
ახლა რაც შეეხება ზემოთხსენებულ პოლიტიკოსებს, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ ის „რადიკალებია“.
გინახავთ რომელიმე მათგანი, რომელიც საკუთარ ცოდვებს აღიარებდეს 1988-90 წლების ეროვნული მოძრაობის გათიშვა-დაქსაქსულობაში, ან 1991-92 წლების სამოქალაქო ომში?
გინახავთ რომელიმე მათგანი, რომელიც ეროვნულ მოძრაობაში თავის დამსახურებაზე და, საერთოდ, საკუთარ უშეცდომობაზე არ ლაპარაკობდეს?
გინახავთ რომელიმე მათგანი, რომელიც თავის გულმხურვალე ქრისტიანობას არ ამტკიცებდეს?
გინახავთ რომელიმე მათგანი, რომელიც სახელმწიფო მოღვაწის იდეალად, სათაყვანებელ პიროვნებად დავით აღმაშენებელი არ მიაჩნდეს?
ალბათ, არ გინახავთ.
მოდით, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით ვცადოთ ზემოთხსენებული ჩვენი პოლიტიკოსების ზოგადი პოლიტიკური სილუეტის მოხაზვა.
სად ეს ჩვენი პოლიტიკოსები და სად დავით აღმაშენებელი!..
მაგრამ მაინც დავით აღმაშენებლის გახსენებით დავიწყოთ.
მსოფლიოში, ალბათ, არც ერთ ხელმწიფეს არ შეუქმნია ისეთი ნაწარმოები, როგორიც დავით აღმაშენებელმა შექმნა - „გალობანი სინანულისანი“.
ცხადია, ეს ნაწარმოები დავით აღმაშენებლისათვის სახელმწიფო საქმეებიდან რაღაც პოეტური გადახრა და წუთშესვენება კი არა, არამედ მისი მონოლითური პიროვნების განუყოფელი ნაწილია.
ეს ნაწარმოები, მოცულობით არც თუ ისე დიდი, მაგრამ არც თუ ისე პატარა, მაგრამ მნიშვნელობით ნამდვილად დიდი, თავიდან ბოლომდე გამსჭვალულია უმძაფრესი სინანულის გრძნობით უამრავ ცოდვათა გამო. სხვა საქმეა, რას წარმოადგენს ეს ცოდვები, - იქნებ ზოგიერთი სულაც არ არის ცოდვა, - მაგრამ აქ მთავარია, რომ მასში ჩანს საქართველოს ყველაზე დიდი და სახელოვანი ხელმწიფის დიდებული სულიერი პორტრეტი.
ამ ნაწარმოების ერთ-ერთი მკვლევარი ზურაბ ჭავჭავაძე მიიჩნევს, რომ იმ ცოდვათაგან, რომლებზეც დავით აღმაშენებელი ლაპარაკობს, მხოლოდ ორია ნამდვილი, რეალურად ჩადენილი (სხვა სახელმწიფოთა დაპყრობა და ასტრონომია-ასტროლოგიით გატაცება), დანარჩენი კი ზოგადქრისტიანული, ზოგადკაცობრიული ცოდვებია. ამასთან, ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, ცოდვად ითვლება არა მხოლოდ ჩადენილი ბოროტება, არამედ გაფიქრებულიც კი.
ასეა თუ ისე, აქ არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ანა კალანდაძის ერთი სტრიქონი: „თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო, რაღა ქმნან ცოდვილთ?“
ცხადია, აქ პოეტი გულისხმობს დავით აღმაშენებლის უზარმაზარ დამსახურებას საქართველოს წინაშე, რომელიც მის ყოველგვარ ცოდვას - ნამდვილსა თუ არანამდვილს - განუზომლად სჭარბობს.
რაც შეეხება მოყვანილი სტრიქონის ბოლო სიტყვას „ცოდვილთ“, მე მასში დიდის ბოდიშის მოხდით უნდა ვიგულისხმო ის პოლიტიკოსები, რომლებზეც წერილის დასაწყისში ვლაპარაკობდი...
მაგრამ ჯერ გავიხსენოთ, როგორი შემაძრწუნებელი სინანულით ლაპარაკობს ჩვენი ბრწყინვალე მეფე თავის ცოდვებზე, ნამდვილსა თუ არანამდვილზე:
ცოდვილთა შორისო, - ამბობს იგი, - „პირველი, საშუალი და დასასრული მე ვარ, ვითარცა უფსკრული შესაკრებელი ბილწებისა ღუართაჲ.“
„თითოეულთა მხეცთაგან შეზავებულსა მხეცსა ვემსგავსე.“
„ბოროტად გარდავხედ საზღვართა...“
„მბრძოლ ვექმენ ყოველთა წესთა სჯულისა შენისათა და ქორწილთა მიერ ხენეშთა ვჰმძლავრე საწოლსა ჩემსა. და სახეთა მიერ ბოროტთა მიცემითა ვაცოდვე ერი ჩემი...“
„არა უხილავს მზესა ქალწული დედაჲ, თვინიერ შენსა, არცა ჩემოდნად ბრალეულსა - ნათელი მისი.“
„თაყუანისვეც ანგაჰრებისა მამონას...“
„სიტყუაჲ წმიდაჲ და ბჭეთა ზედა მამხილებელი მოვიძულენ, ხოლო მელიქნეთა ძმაცული სივერაგე ვითნე და შემასმენელთანი დავიტკბენ ზრახვანი და ცრუნი განვსცენ მსჯავრნი.“
„ცრემლნი ქურივთანი და ობოლთა ბრგუნილი ტირილი არა შევიწყალე...“
ამ ციტატათა პარალელურად არ მოვიყვან ჩვენი ეროვნული მოძრაობის კონკრეტულ ლიდერთა გამონათქვამებს თავიანთ დამსახურებათა შესახებ - დავინდობ მათ!
არადა, ჭეშმარიტად საინტერესო სურათი დაიხატებოდა!
დავით აღმაშენებელი ლაპარაკობს საკუთარ ცოდვებზე, ჩვენი პოლიტიკოსები ლაპარაკობენ თავიანთ დამსახურებებზე!
დავით აღმაშენებელი არ ლაპარაკობს თავის დამსახურებებზე, ჩვენი პოლიტიკოსები არ ლაპარაკობენ თავიანთ ცოდვებზე!
ხომ საინტერესო  სურათია?
„ცრემლნი ქურივთანი და ობოლთა ბრგუნილი ტირილი არა შევიწყალეო“, - ამაზე შემაძრწუნებელი აღსარება რაღა უნდა იყოს?
„ცრემლნი ქურივთანი და ობოლთა ბრგუნილი ტირილი“ არა მხოლოდ ჩვენს ისტორიულ წარსულში მოგვკლებია, არამედ ჩვენს დღევანდელობაშიც სამწუხარო რეალობაა, მაგრამ არა იმის გამო, რომ რომელიმე თემურ ლენგი დაგვესხა თავს, ან არაბთაგან თბილისის განთავისუფლებას შევწირეთ რჩეული ვაჟკაცები, არამედ იმის გამო, რომ ჩვენი ეროვნული მოძრაობის რიხიანი „რადიკალი“ თავკაცების შეცდომათა და დანაშაულთა გამო ერთმანეთის გასაჟლეტად აღვმართეთ ხელი!
კრემლის მიერ ინსპირირების ძალიან დამაჯერებელი არგუმენტის გამოყენებით ვერ გავიმართლებთ თავს, რადგან თუ პოლიტიკოსის პრეტენზია გაქვს, ასეთი ინსპირირების ანკესზე არ უნდა წამოეგო! ხოლო თუ წამოეგები, უნდა აღიარო მაინც, რომ ცუდი პოლიტიკოსი ხარ! უნდა მოინანიო, უნდა თქვა გალობანი სინანულისანი!
დავით აღმაშენებელი გულისშემძვრელ აღსარებას ამბობს თითქმის არარსებულ ცოდვათა გამო, ჩვენ კი, რეალურ ცოდვათა ჩამდენნი, ვდუმვართ! მეტიც, უცოდველებად, უშეცდომოებად მოგვაქვს თავი!
შეცდომები, დანაშაულობანი ბევრი რომ მოხდა ჩვენს ეროვნულ მოძრაობაში, ამას ყველა პოლიტიკოსი აღიარებს, ოღონდ ამას ლაპარაკობენ ს ხ ვ ე ბ ზ ე და არა საკუთარ თავზე. არადა, მათი იდეალი - დავით აღმაშენებელი სწორედ ს ა კ უ თ ა რ თავზე, ს ა კ უ თ ა რ ცოდვებზე ლაპარაკობს!
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჩვენი ეროვნული მოძრაობის თავკაცები საკუთარ შეცდომებსაც აღიარებენ ხოლმე, მაგრამ ისეთნაირად, რომ ეს თავის ქებაზე უფრო მეტია.
მაგალითად, ხშირად მოისმენთ დაახლოებით ასეთ „თვითგვემას“: ჩემი შეცდომა და დანაშაული ისაა, რომ ვერ შევძელი ეროვნული მოძრაობა ჩემი, სწორი გზით წამეყვანაო.
უფრო შორს მიდიან ზვიადისტები („რადიკალთა“ დიდი ნაწილი). ისინი, მაგალითად, ბ-ნი ზვიადის შეცდომებზე ლაპარაკობენ, მაგრამ, მათი თქმით, ბ-ნი ზვიადის შეცდომები იმაში გამოიხატებოდა, რომ მან ერთიანად არ გაჟუჟა პოლიტიკური მოწინააღმდეგეები! მაშ! შეცდომის აღიარებაც ასეთი უნდა!..
სინანული არა მხოლოდ ღრმად სულიერი, განმწმენდელი პროცესია, არამედ იგი ობიექტურობის საფუძველიცაა, რადგან თავისთავად გულისხმობს ადამიანის ობიექტურ დამოკიდებულებას საკუთარი ცოდვა-ბრალისადმი, და, მით უფრო, სხვებისადმი. ჩვენს შემთხვევაში, ხსენებული პოლიტიკური მოვლენების განხილვისას, სწორედ ობიექტურობა გამოავლენს თეთრსაც და შავსაც, მართლაც უცოდველსა და უცდომელსაც (დარწმუნებული ვარ, ჩვენს პოლიტიკოსებში არიან ასეთნი!). ობიექტური დამოკიდებულების გარეშე ყოველგვარ აზრსა და ფასს ჰკარგავს თითოეული მათგანის მტკიცება საკუთარი უცოდველობის, უცდომელობის შესახებ.
სანამ ასეთი ობიექტურ დამოკიდებულებას ვერ ვისწავლით, საყოველთაო „უცოდველობისა“ და „უცდომელობის“ ფონზე ჭეშმარიტად სასაცილოა იმაზე ფიქრიც კი, რომ 1991-92 წლების მოვლენების ობიექტური შეფასება მოხერხდეს. ეს ხომ ნამდვილი წყლის ნაყვა იქნება, თუნდაც ამ წყალს ბრილიანტის ქვასანაყით ვნაყავდეთ ოქროს ქვიჯაში.
ამას წინათ ერთ გამოუქვეყნებელი მოთხრობა წავიკითხე. იგი 1991 წელსაა დაწერილი, ომამდე. ავტორია გელა ერაძე.
ამ ალეგორიულ მოთხრობაში, ჩემი აზრით, ყველაზე ზუსტადაა შეფასებული ხსენებული მოვლენები.
მოთხრობის მთელ შინაარსს, ცხადია, არ მოვიყვან, მხოლოდ ერთ მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას.
ნეტართა კუნძულზე (იგულისხმება საქართველო) პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეები ორ ბანაკად გაიყვნენ. ერთმა მხარემ დაირქვა „ექსკრემენტარები“, მეორემ - „ფალოსისტები“. მათი პოლიტიკური ბრძოლა და საბრძოლო „იარაღი“ სიმბოლურად შეესაბამება რეალურ საქართველოში დაპირისპირებულთა პოლიტიკურ ბრძოლასა და ბრძოლის იარაღს: „ექსკრემენტისტები“ „ფალოსისტებს“ მთელის მონდომებით“წარმოებულ“ ექსკრემენტს (განავალს) ესვრიან, ხოლო „ფალოსისტები“ „ექსკრემენტისტებს“ ასევე მთელი მონდომებით დაწნეხილ, ლუდის ჭარბი სმისაგან გაძლიერებულად გამოყოფილ შარდის მძლავრ ნაკადს უშენენ.
რაც მთავარია, მთელი ნეტართა კუნძული „საბრძოლო მასალის“ ნარჩენებით იფარება!
ეს, რა თქმა უნდა, ძალზე გამჭვირვალე სიმბოლიკაა.
დიახ, არსებითად მართლაც ასე იყო. და ეს ყველაფერი ხდებოდა ეროვნული მოძრაობის მიერ დამოუკიდებლობისათვის, დემოკრატიისათვის აღმართული წმინდა დროშის ქვეშ!
მიუხედავად ამ შემზარავი, არაესთეტიკური სურათისა, მოთხრობაში იმდენად მაღალმხატვრულადაა აღწერილი პოლიტიკური ბრძოლის „ბატალიები“, არა მგონია, მკითხველი რამდენჯერმე არ მიუბრუნდეს ამ ნაწარმოებს.
ფაქიზი ესთეტიკური გემოვნების მკითხველს ალბათ არ მოეწონება ეს მოთხრობა. მაგრამ არა უშავს, - მას შეუძლია გვერდზე გადადოს იგი. მაგრამ, სამწუხაროდ, გვერდზე ვერ გადადებს ცხოვრებას, რომელიც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსთა უზნეო ბრძოლის ასპარეზი გახდა იმ ცნობილ წლებში და რომლის შედეგადაც მიღებული სულიერი თუ ფიზიკური იარები დღემდე ვერ მოგვიშუშებია.
დიახ, არც ერთი მხარე არ გამოიყურებოდა მაინცდამაინც მიმზიდველად საქართველოს იმ სამარცხვინო წლებში.
და, რაც მთავარია, საქართველო დაინგრა, დაკარგა ტერიტორიები, გაპარტახდა მატერიალურად, დაკნინდა სულიერად, ე. ი. მოხდა სწორედ ყოველივე იმის საწინააღმდეგო რამ, რისი აღსრულებაც დავით აღმაშენებლის უდიდეს დამსახურებად მიგვაჩნია.
და მაინც, ამ მოვლენების წარმმართველთა და მონაწილეთა შორის ვერავისგან მოისმენთ საკუთარ შეცდომებზე, საკუთარ დანაშაულზე ლაპარაკს, მონანიებას.
არადა, ყოველი მათგანი ამტკიცებს, რომ გულმხურვალე ქრისტიანია!
არადა, ყოველ მათგანს დიდი დავითი მიაჩნია ქართველი პოლიტიკოსის, სახელმწიფო მოღვაწის იდეალად!
დავითს კი „გალობანი სინანულისანი“ აქვს ნათქვამი - საკუთარ ცოდვებზე უმძაფრესი გოდება და უღრმესი სინანული!
თურმე ჩვენი პოლიტიკოსები უცოდველები არიან, დავით აღმაშენებელი კი - ცოდვილთა შორის „პირველი, საშუალი და დასასრული, ვითარცა უფსკრული შესაკრებელი ბილწებისა ღუართაჲ“.
როგორია?..
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმდროინდელი პოლიტიკური მოვლენების კულმინაციას - სამოქალაქო ომს, ვერ მოესწრნენ ჩვენი ეროვნული მოძრაობის გამოკვეთილი ფიგურები, ზნეობრივი ბურჯები მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე, რომლებიც კარგად გრძნობდნენ მოსალოდნელ უბედურებას (საბედნიეროდ, მათ დაფიქსირებული დარჩათ თავიანთი პოზიციები) და ყველაფერს აკეთებდნენ ამის თავიდან ასაცილებლად. ამიტომ მათი შესაძლო მონაწილეობის მოაზრება იმ სამარცხვინო მოვლენებში, ცხადია, გამორიცხული და ყოვლად დაუშვებელია.
საბედნიეროდ, იყვნენ მათსავე პოზიციაზე მდგომნიც, მაგრამ ისინი ვერ ასრულებდნენ მოვლენათა წამყვანის ფუნქციას, - ზოგს ეს არ შეეძლო, ზოგს სურვილი არ ჰქონდა, - ამიტომ მათ, ფაქტობრივად, ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინეს დაწყებულ პროცესებზე. ესეცაა, ნაკლებად აქტიური ადამიანი ნაკლებ შეცდომებს უშვებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მათ ვერ ამართლებს.
სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას ისიც, რომ ჩვენი ეროვნული მოძრაობის ტრაგიკულ განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა წამყვანი ეროვნული ძალების პოლიტიკურმა გამოუცდელობამ, რომელიც არა მარტო შეცდომების მიზეზი გახდა, არამედ დანაშაულობებისაც, რადგან შეცდომების შედეგად წარმოშობილმა განუკითხაობამ დანაშაულებანიც გაამრავლა. ასე რომ, ჩვენი პოლიტიკოსების მიმართ მეტისმეტი სიმკაცრე არაა მთლად გამართლებული. მაგრამ შეცდომათა აღიარებას, სინანულის განცდას, უფლის მიმართ გულწრფელ აღსარებას რაღა უდგას წინ? ესეც ხომ პოლიტიკური გამოუცდელობის ბრალი არ არის! მადლობა ღმერთს, ქრისტიანობის თითქმის ორიათასწლიანიტრადიცია და გამოცდილება გვაქვს.
სინანული განწმენდის, შეცდომათა და დანაშაულთა გამოსწორების საწინდარია.
მაშ, მოდით, მივბაძოთ ჩვენს სათაყვანებელ დავით აღმაშენებელს და ჩვენცა ვთქვათ გალობანი სინანულისანი! დავით აღმაშენებელივით ბრწინვალედ ვერ ვიტყვით, მაგრამ ვთქვათ ისე, როგორც შეგვიძლია, ოღონდ ვთქვათ გულწრფელად, მით უფრო, რომ ჩვენ, ცოდვებით დახუნძლულებს, ნამდვილად ბევრი რამ გვაქვს მოსანანიებელი.
ვთქვათ გალობანი სინანულისანი!

1999


 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ჩვენი სამი მთავარი პრობლემის მიზეზები სამწუხარო დასკვნითურთ

აქა ამბავი ჩვენი ურთიერთობისა რუსეთთან და ჩვენს ევროპელ-ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებთან

ანზორ აბჟანდაძე - "ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი" (გამომცემლობა "მერწყული", 1994 წ)