„საათის რომელია“, ბატონებო? (ორიოდე სიტყვა ცილისწამების კანონის შესახებ)

       
ცილისწამების დასჯადობის შესახებ კანონის შემოღების აზრს გააფთრებული წინააღმდეგობით შეხვდნენ ჟურნალისტები, არასამთავრობოები, უფლებადამცველები და. საერთოდ, ლიბერალები.
რა არის ამ გააფთრების მიზეზი?
ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცილისწამება მოსწონდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცილისწამება მას ეხება.
ცილისწამება ადამიანს მხოლოდ მაშინ მოსწონს, როდესაც მას სხვის წინააღმდეგ იყენებს.
ცილისწამება ადამიანის ღირსებების შელახვის, ადამიანის უფლებების დარღვევის ყველაზე ბასრი, ყველაზე დაუნდობელი, ყველაზე უზნეო იარაღია. ამიტომ ცილისწამების შესახებ კანონის შემოღება სწორედ ადამიანების უფლებების დ ა ც ვ ი ს თ ვ ი ს ა ა საჭირო.
არ ვიცი და არც მაინტერესებს, სხვა ქვეყნებში არსებობს თუ არა ასეთი კანონი. მე ჩემი ქვეყანა მაინტერესებს, რადგან სხვა ქვეყნების მაგალითების გამოდევნებას, ის მირჩევნია, ჩემს ქვეყანაში იყოს კარგად საქმე, თუნდაც ყველასგან განსხვავებული კანონების მიღება დაგვჭირდეს.
ასეა თუ ისე, საინტერესოა, რა არგუმენტი მოჰყავთ ზემოთჩამოთვლილ პატიოსან ხალხს ცილისწამების კანონის წინააღმდეგ?
ეს კანონიო, - ბრძანებენ ისინი, - შეიძლება ხელისუფლებამ გამოიყენოს სიტყვის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვისო.
ეს არგუმენტი „ქვას ხეთქავს“! 
მაგრამ მართლა "ქვას ხეთქავს" თუ არა, მოდით, განვიხილოთ. 
ჯერ ერთი: თუ კანონი მისაღებია, რა შუაშია, ხელისუფლება როგორ გამოიყენებს მას - სწორად თუ არასწორად? ხელისუფლებამ ნებისმიერი კანონი შეიძლება გამოიყენოს ბოროტად, თუ მოინდომა და თუ გაუვიდა. მაშინ გავაუქმოთ ყველა კანონი, ხელისუფლების მიერ მათი ბოროტად გამოყენების შიშით!
მეორეც... 
მაგრამ ჯერ პატარა „ლირიულ“ გადახვევას გავაკეთებ.
საბჭოთა დროს, ზუსტად არ მახსოვს, რომელი წლები იყო, ასეთი „ბრძნული“ მსჯელობა გავრცელდა: ადამიანს რომ ჰკითხო, „რომელი საათია?“ მან შეიძლება გიპასუხოს: „ზვეზდა“, (ან „ნევა“, ან რომელიმე იმდროინდელი საათის სახელი); რომ ჰკითხო, „რამდენი საათია?“ ის გიპასუხებს, „ერთი“ (მოპასუხეს ხელზე მართლაც ერთი საათი უკეთია). ამიტომ ყველაზე სწორი იქნება, ასე იკითხო - „საათის რომელია?“ ასეთი „მახვილგონივრული“ კითხვა იძულებულს გახდის მოპასუხეს (საათის პატრონს), სწორად გიპასუხოს, თუ რა დროა.
ამ მეტისმეტად სულელურმა და დემაგოგიურმა მსჯელობამ ისეთი პოპულარობა მოიპოვა და ისეთი ნაყოფი გამოიღო, რომ ადამიანები (უმრავლესობა), იმის „შიშით“, რომ არასწორად არ ემეტყველათ და არასწორი პასუხი არ მიეღოთ, სწორედ ზემოხსენებულ „მახვილგონივრულ“ კითხვას იყენებდნენ: „საათის რომელია?“ (ასეთი ფორმით დასმულ კითხვას ზოგჯერ დღესაც გაიგონებთ).
ასე დაამახინჯა სამეტყველო ენა სულელური, დემაგოგიური მსჯელობის საფუძველზე წარმოშობილმა სულელურმა, თითიდან გამოწოვილმა, არაადექვატურმა „შიშმა“ (თუ სიფრთხილემ).
ჰო, შიში დიდი მამაძაღლია!
ახლა იმასაც გავიხსენებ, რომ საბჭოთა ხელისუფლება მათთვის არასასურველი სიმართლის მთქმელებს, კრიტიკულ აზრის გამომხატველებს დამსჯელობითი ზომებით, ტერორით პასუხობდა - სამსახურიდან გათავისუფლებით, ცხოვრების ყველა სფეროში ხელოვნური ბარიერების შექმნით, ფსიქიატრულში „მკურნალობით“, ციხით, გადასახლებით... უფრო ადრე - დახვრეტით. ცხადია, დასჯა პოლიტიკური სარჩულით არ ხდებოდა - ტერორის მსხვერპლს ან ხულიგნობას აბრალებდნენ, ან მექრთამეობას, ან ათასგვარ სხვა უბედურებას. ესე იგი არსებულ კანონებს, რომლებიც დამნაშავეთა დასჯას ითვალისწინებდნენ, ხელისუფლება იყენებდა არასწორად, მზაკვრულად - პოლიტიკური ოპონენტების, რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილების წინააღმდეგ.
ჩვენი დღევანდელი ბრძენთაბრძენი ჟურნალისტები, ენჯეოები, საერთოდ - ლიბერალები, უფლებადამცველები, რომლებიც ცილისწამების კანონის მიღების წინააღმდეგ გამოდიან, გააფთრებით ამტკიცებენ, რომ ცილისწამების კანონს ხელისუფლება ახლაც მზაკვრულად გამოიყენებს - ხელისუფლების კრიტიკოსთა დასჯის მიზნით.
მაგრამ საქმე ისაა, რომ მაშინ სხვა დრო იყო, ახლა - სულ სხვა. მაშინ თუ ხმას ვერავინ იღებდა ხელისუფლების თავგასულობის წინააღმდეგ (ხმის ამომღებს სჯიდნენ), დღეს ამის აღსაკვეთად უამრავი რამ არსებობს: კრიტიკული პრესა, რადიო-ტელევიზია, სოციალური ქსელები, უფლებადამცველები, ოპოზიციური პარტიები, საპროტესტო აქციები, დემონსტრაციები, მიტინგები, და, ბოლოს, არჩევნები. (ამ შესაძლებლობებს რამდენად ეფექტურად ვიყენებთ, ეს სხვა საკითხია).
რაც დღეს - თუნდაც დემოკრატიის საწყის ეტაპზე - გვაქვს, არაფერი ამის მსგავსი არ იყო საბჭოთა ხელისუფლების დროს!
ნუთუ ეს არ იციან ცილისწამების კანონის ჩვენმა ბრძენთაბრძენმა მოწინააღმდეგეებმა?
იციან, როგორ არ იციან! მაგრამ, როგორც ჩანს, ცილისწამების დ ა უ ს ჯ ე ლ ო ბ ა აწყობთ, რადგან ამ უძლიერეს და ყოვლად უზნეო მეთოდს - ცილისწამებას -  ძალიან ხშირად თ ა ვ ა დ იყენებენ!!! და ამას მაღალფარდოვნად „გამოხატვის თავისუფლებას“ უწოდებენ!!!
მათთან ამ საკითხზე მსჯელობა, როგორც იტყვიან, წყლის ნაყვაა!
მაგრამ მათ შორის არიან ისეთნიც, რომელთაც გულწრფელად სჯერათ, რომ ცილისწამების კანონს ხელისუფლება ახლაც აუცილებლად მზაკვრულად გამოიყენებს სიმართლის მთქმელთა, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილთა წინააღმდეგ. ასეთი ადამიანები, უბრალოდ, დროში (საბჭოთა დროში) ჩარჩენილები არიან და ვერ გაუცნობიერებიათ, რომ სხვა დრო დადგა, რომ ხელისუფლების თვითნებობის  აღსაკვეთად დღეს უ ა მ რ ა ვ ი საშუალება არსებობს. მათ საბჭოთა დროინდელი შიში (თუ სიფრთხილე) დღეისთვის გადმოაქვთ. ცხადია, ასეთი შიში (თუ სიფრთხილე) არ ასახავს რეალობას, ა რ ა ა დ ე ქ ვ ა ტ უ რ ი ა და დროშია აცდენილი
ასეთ ადამიანებს ყოველგვარი ირონიის გარეშე ვეკითხები:
- „საათის რომელია“, ბატონებო?

2019, მარტი.

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ჩვენი სამი მთავარი პრობლემის მიზეზები სამწუხარო დასკვნითურთ

აქა ამბავი ჩვენი ურთიერთობისა რუსეთთან და ჩვენს ევროპელ-ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებთან

ანზორ აბჟანდაძე - "ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი" (გამომცემლობა "მერწყული", 1994 წ)